
შევარდნაძე რადიკალური ცვლილებების წინააღმდეგ
“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”
(თბილისი. 12 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტმა უახლოეს ხანში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მანამადე კი მან ახალი მინისტრები უნდა დაამტკიცოს.
“დილის გაზეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ შაბათს პრეზიდენტს მისი პოლონელი მრჩეველი ლეშეკ ბალცეროვიჩი დაუკავშირდა და რადენიმე რჩევა მისცა. “როგორც ამბობენ, ეს რჩევაზე ოდნავ მეტი იყო და აშკარად მოთხოვნის ელფერიც დაჰკრავდა”, წერს გაზეთი.
ბალცეროვიჩმა სამინისტროების საერთო რაოდენობის შემცირება და მათი გაერთიანება ურჩია პრეზიდენტს. სავარაუდოდ, სამინისტროების რიცხვი ცხრამეტიდან თორმეტამდე უნდა შემცირდეს. გაზეთისთვის უცნობია, თუ რა პრინციპითა და რა არგუმენტებით უნდა მოხდეს აღნიშნული ცვლილებები.
მართალია, შევარდნაძე აცხადებს, რომ იგი აუცილებლად შეამცირებს უწყებათა რაოდენობას, ექსპერტთა აზრით, დიდი ცვლილებები მაინც არ არის მოსალოდნელი. “პრეზიდენტი პრინციპულად შეეწინააღმდეგა საკუთარ მრჩეველს და უარი უთხრა რადიკალურ ცვლილებებლზე”, წერს “დილის გაზეთი” სტატიაში სათაურით “რა საჭიროა ამდენი მრჩეველი, როცა საკუთარი აზრიც საკმარისია”.
“მხოლოდ ახალი მინისტრების დანიშვნა რომ ქვეყანაში საერთო ვითარებას ვერ შეცვლის, ყველასათვის ნათელია”, წერს გაზეთი.
“რეზონანსი” ახალი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გაესაუბრა საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” წევრს ვახტანგ ხმალაძეს. ხმალაძის განცხადებით, მინისტრების დამტკიცებასთან დაკავშირებით ფრაქციათა პოზიციები ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია. თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ადრინდელისგან განსხვავებით პრეზიდენტს გაუჭირდება მისთვის სასურველი კანდიდატების პარლამენტში ლობირება.