ახალი ამბები

არაპროფესიონალიზმი – მიზეზი პარლამენტის არაეფეტური მუშაობისა

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(თბილისი. 12 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – სამი დღის წინ პარლამენტმა თავმჯდომარე აირჩია. დღევანდელი პრესა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს და მის მუშაობას შეფასებას აძლევს.

ნინო ბურჯანაძის სპიკერად არჩევამ საპარლამენტო ძალთა ახალი ბალანსი გამოავლინა. მისი არჩევის შემდეგ ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს საუბარი. “ახალი უმრავლესობის შექმნა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარფიანად ივაჭრებს ჟვანიას გუნდი”, წერს “რეზონანსი”. მისი აზრით, ვაჭრობის საგანს ამჯერად კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები წარმოადგენს.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” აზრით, ახალი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა რეალურია, მაგრამ ეს იქნება არა იდეების, არამედ თანამდებობების გარშემო გაერთიანება (“რეზონანსი”). 

“დილის გაზეთის” დასკვნით, ამ მოწვევის პარლამენტი, რომელმაც მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო, ყველაზე სუსტია, ხოლო მის მიერ მიღებული კანონები არასაკმარისი და არაეფექტიანია. ამის მიზეზი, გაზეთის აზრით, დეპუტატთა არაპროფესიონალიზმია. 235 დეპუტატიდან მხოლოდ 50-მდეა იურისტი, ეკონომისტი და პოლიტოლოგი, რაც აუცილებელი პროფესიებია პარლამენტში სრულფასოვანი კანონშემოქმედებისთვის.

პარლამენტის მუშაობის დაბალი დონეს ასევე განაპირობებს ის ფაქტი, რომ პარტიული სიების შედგენისას აქცენტი გაკეთდა არა მომავალ პარლამენტართა ცოდნაზე, ინტელექტზე და მსოფლმხედველობაზე, არამედ პარტიული ლიდერისადმი მათ ერთგულებაზე, ინტრიგანობაზე და პარტიულ ხაზინაში ფულად შენატანებზე.

“შედეგად მივიღეთ მუდმივი კულუარული ბრძოლები, პრინციპების სისტემური ღალატი, მერკანტელური მიზნით ამა თუ იმ კანონპროექტის ჩაგდება ან მხარდაჭერა”, წერს “დილის გაზეთი”, და დასძენს, რომ პარლამენტში ყველაფერი ემყარება პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებას და არა ქვეყნის უზენაესი ინტერესების დაცვას.

პარლამენტის მუშაობას ასევე დაღი დაასვა მის შიგნით არაერთხელ მომხდარმა პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფებამ. სექტემბერში მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც სწრაფად იშლებოდა ძველი და იქმნებოდა ახალი ფრაქციები, პარლამენტის მუშაობის ფაქტიური პარალიზება გამოიწვია. ამ მოვლენებს გაზეთი ტრაგიკომიკურს უწოდებს.

“დილის გაზეთის” აზრით, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის მუშაობა რადიკალურად შეიცვლება. “საკანონმდებლო კორპუსში სრული ქაოსი და ანარქიაა, რომლისგანაც თავის დაღწევას კიდევ დიდი დრო დასჭირდება”, წერს გაზეთი.
 

Back to top button