
პარლამენტის თავმჯდომარის სამარცხვინო არჩევნები
“დილის გაზეთი”, “ალია” (თბილისი. 10 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პირველად საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში საკანონმდებლო ორგანოს თამვჯდომარე ქალია. არჩევნებში გამარჯვებულად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დასახელდა. “რეზონანსი” წერს, რომ პარლამენტში ისტორიულად მონათლული ახალი თავმჯდომარის არჩევის დღე უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღის სახელით შევიდა. საკანონმდებლო ორგანოში ყველას თვალწინ საარჩევნო ბიულეტენები გაყალბდა. ხმის დამთვლელმა კომისიამ აღმოაჩინა, რომ ბიულეტენები დანომრილი იყო. გაზეთში წარმოდგენილი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვიღაცას საკუთარი მომხრეების გაკონტროლება დასჭირდა და ამისთვის დანომრა ბიულეტენები. მეორე ვერსიის მიხედვით, არჩევნების ჩასაშლელად გაყალბების იმიტაცია გაკეთდა. პარლამენტის აპარატის უფროსი ხათუნა გოგორიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. “ნებისმიერ შემთხვევაში, გაყალბების შემსრულებელი აპარატის მინიმუმ ერთი თანამშრომელია და აპარატის ხელმძღვანელი ყველა შემთხვევაში პასუხიმგებელია დანაშაულზე”, წერს “რეზონანსი”. ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ბიულეტენების გაყალბების მცდელობაში არაპირდაპირ ვაჟა ლორთქიფანიძეს ადანაშაულებს. სააკაშვილის აზრით ხმების კონტროლი იმას სჭირდებოდა, ვისაც ამ ხმებში ფული უნდა გადაეხადა (“რეზონანსი”). ამ ინფორმაციას ადასტურებს გაზეთი “ალიაც”. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი არ გამოირჩევა რეფორმატორებისადმი მხარდაჭერით, აცხადებს, რომ პარლამენტში დიდი რაოდენობის ფული იქნა შემოტანილი და ვაჟა ლორთქიფანიძისა და ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ახლო ურთიერთობებზე საუბრობს. “რეზონანსი” ასევე ვარაუდობს, რომ გაყალბების შესაძლებლობა ჰქონდა “მოქალაქეთა კავშირს”, რომელსაც აპარატში ჯერ კიდევ სრული მონოპოლია აქვს შენარჩუნებული. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, “მოქალაქეთა კავშირის” წევრის ელენე თევდორაძის განცხადებით, მის ფრაქციას აშკარა უპირატესობის გამო არჩევნების გაყალბება არ სჭირდებოდა. “რა მიზეზითაც არ უნდა მომხდარიყო ბიულეტენების გაყალბება, ამ ფაქტმა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა: საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროკურატურა კრიმინალებს ეძებს”, წერს “რეზონანსი”. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით ბიულეტენები ხელმეორედ სხდომათა დარბაზში ყველას თვალწინ დაიბეჭდა. ორი ტურის ჩატარების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე დასახელდა. იგი დილის ოთხი საათისთვის 129 ხმით აირჩიეს. “გასავათებულმა დეპუტატებმა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველი ქალბატონის თავმჯდომრეობა ხანმოკლე ოვაციით აღნიშნეს და დარბაზში წინასწარ გამზადებული თაიგულიც კი გამოამზეურეს”, წერს “რეზონანსი”.