ახალი ამბები

პარლამენტი ახალი თავჯდომარის მოლოდინში

როგორია ძალთა გადანაწილება არჩევნების დღეს – 9 ნოემბერს

პარლამენტი თავმჯდომარეს ვერ ირჩევს. საკანონმდებლო ორგანოში სპიკერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური გაიმართოს. მეორე ტურში გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსი გააჩნია სამივე დასახელებულ კანდიდატს – ნინო ბურჯანაძეს, ვაჟა ლორთქიფანიძესა და ჯემალ გოგიტიძეს.

8 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატების განხილვა უნდა დაეწყო. თუმცა, ქვორუმის არარსებობის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელება გადაწყდა. ამ დღეს ნინო ბურჯანაძისა და ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურები პარლამენტის თითქმის ყველა ფრაქციამ განიხილა.

“თავმჯდომარის საკითხი პარლამენტმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს”, – არაერთხელ განუცხადებია პრეზიდენტ შევარდნაძეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ვაკანტური დარჩა. ამ განცხადების მიუხედავად, რატომღაც, პარლამენტის თავმჯდომარის სამივე კანდიდატი აუცილებლად მიიჩნევს ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამართვას ან მასთან აუდიენციაზე მისვლას. 8 ნოემბერს პრეზიდენტის სანახავად ფრაქცია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიძე ბათუმიდან ჩამოვიდა. მანამდე პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ნინო ბურჯანაძესა და ვაჟა ლორთქიფანიძეს.

ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრს, ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია “ტრადიციონალისტის” მიერაა წარდგენილი, დაახლოებით 90-მდე მხარდამჭერი (ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” – 45 წევრი, “ტრადიციონალისტი” –  13, “მრეწველებისა” და “მაჟორიტარების” კოალიცია – 29, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები) ჰყავს.

ბაღდათის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც კანდიდატად ფრაქციამ “თანადგომა” დაასახელა, მხარს უჭერენ “თანადგომის” (18 წევრი), “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” (17 წევრი), ასევე ფრაქციების – “აფხაზეთი” და “ახალი აფხაზეთი და ქრიატიან-დემოკრატები” წარმომადგენლები, მათ შორის დამოუკიდენელ დეპუტატთა ერთი ნაწილი. სავარაუდოდ ვაჟა ლორთქიფანიძეს მხარს 50-55 დეპუტატი უჭერს.

რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარეს ჯემალ გოგიტიძეს, მის მხარდამჭერთა რიგებში შემდეგი ფრაქციებია: “აღორძინება” (11 წევრი), “ერთიანი საქართველო” (12 წევრი), “სოციალისტი” (11 წევრი) და “21-ე საუკუნე” (10 წევრი). გარდა ამისა, “აღორძინების” კანდიდატის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა “მოქალაქე”-რეფორმატორთა ერთმა ნაწილმა. სულ გოგიტიძეს დაახლოებით 50 დეპუტატი მისცემს ხმას.

ამჟამად პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს ჯერჯერობით მიუმხრობელი დეპუტატების ხმებზე ნადირობა. სულ საქართველოს პარლამენტში 235 წევრია. ამდენად, “მიუმხრობელთა” კატეგორიას 40-მდე დეპუტატი განეკუთვნება.

ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არა აქვს ხმათა საჭირო რაოდენობა (118 და მეტი ხმა), რათა პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების პირველივე ტურმა გამოავლინოს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 106-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. საბოლოოდ კი, აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას დააგროვებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (79 ხმა).   

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button