ახალი ამბები

შევარდნაძეს აბაშიძის იქით გზა არ ჰქონდა

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

(თბილისი. 9 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში მის პირად წარმომადგენლად დანიშნა. ამის შემდეგ აბაშიძე მოსკოვს გაემგზავრა. ქართული პრესა საუბრობს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე და ასლან აბაშიძის როლზე აჭარის კონფლიქტის მოგვარებაში.

“დილის გაზეთი” რუსულ გაზეთ “ნოვოე ვრემიაზე” დაყრდნობით წერს, რომ შევარდნაძემ მორიგი ბრწყინვალე სვლა გააკეთა, როდესაც ბათუმს ვიზიტით ეწვია და ასლან აბაშიძეს გარკვეული ვალდებულება დააკისრა. თუმცა გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შევარდნაძეს სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა.

გაზეთს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება გააჩნია. ერთის თანახმად, შევარდნაძე მიხვდა, რომ ის მტრულად განწყობილ ბათუმში აუცილებლად უნდა ჩასულიყო, მეორეს მხრივ კი სავარაუდოა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთისგან იყო ნაკარნახევი.

“მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის შედეგად კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა, აჭარის ლიდერი ბათუმში მაინც იმედიანად დაბრუნდა. ის იქ რუსეთის ხელისუფლებისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს შეხვდა”, წერს “რეზონანსი”. მოსკოვიდან დაბრუნებულმა აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ქართულ მხარეს შეხვდეს.

აჭარის ლიდერის ვიზიტის შემდეგ მოსკოვს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია ესტუმრა, აღნიშნავს გაზეთი.

“თუ ასლან აბაშიძემ აფხაზეთის პრობლემა მოაგვარა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის ყველაზე რეალური კანდიდატურა იქნება”, განუცხადა “რეზონანსს” ფრაქცია “აღორძინების” წევრმა სანდრო ბრეგაძემ.

ახალგაზრდა რეფორმატორები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში აბაშიძეს არ ენდობიან. “არ მიმაჩნია ასლან აბაშიძე ისეთ პიროვნებად, რომელიც საქართველოს სასიკეთოდ რამეს გააკეთებს. სოხუმის დაცემის დღეს ის კონცერტებს მართავდა”, აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ გაზეთთან საუბრისას.

 

Back to top button