
ასლან აბაშიძე – ხიდი საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთს შორის
“დილის გაზეთი” (თბილისი. 8 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “დილის გაზეთის” სტატია, რომელიც ეხება ედუარდ შევარდნაძის მიერ აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშვნას, აფხაზეთის პრობლემის დღემდე მოუგვარებლობაში საქართველოს პრეზიდენტს და “მოქალაქეთა კავშირს” ადანაშაულებს. პრეზიდენტი აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას ანებებს ასლან აბაშიძეს, რომელიც წლების მანძილზე მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და რომელიც აფხაზეთის კონფლიქტში შუამავლობას 1993 წლიდანვე ითხოვდა, აღნიშნავს გაზეთი. კონფლიქტის დარეგულირებაში საქართველომ თავიდანვე დასავლეთი ამოირჩია, თუმცა “ქვეყნაში შექმნილ რთულ ვითარებას ისევ კარგად იყენებს რუსეთი და ახალ შტურმს ახორციელებს საქართველოზე”. საქართველოც იძულებული ხდება ორიენტაცია შეიცვალოს და რუსეთისკენ გადაიხაროს. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ რუსეთს მართლაც შესწევს ძალა საქართველო და აფხაზეთი შეარიგოს, ოღონდ გარკვეული დათმობების საფასურად. ამ ვითარებაში “ედუარდ შევარდნაძე ასპარეზს უთმობს გზას, რომელიც საქართველოს ჯერ არ მოუსინჯავს, ანუ ქართველი კაცის ფენომენს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში, ძალების მოსინჯვას საკუთარ თავში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება დღეს ასე სადავოდ ქცეული რუსეთის ფაქტორის ხაზგასმით”. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პირველივე ეტაპზე აბაშიძე სწორედ რუსეთში მიემგზავრება, წერს გაზეთი. “დილის გაზეთი” დარწმუნებულია, რომ აბაშიძე ის პოლიტიკოსია, რომელიც, სიტყვით თუ საქმით, ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის წარმატებულობას და, სავარაუდოა, რომ ამ რისკიან წინადადებაზე არ დათანხმდებოდა გარკვეული გარანტიები რომ არ ჰქონოდა. გაზეთი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა შევარდნაძის გადაწყვეტილება დაენიშნა ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში პრეზიდენტის წარმომადგენლად არ იყო შორსგამიზნული და ყველაფერი ისევ და ისევ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყო ჩაფიქრებული.