
რუსეთი შევარდნაძის წინააღმდეგ
“დილის გაზეთი” (თბილისი. 7 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “დილის გაზეთი” საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ ეს თემა საკმაოდ აქტუალური იყო ქართულ პრესაში. შევარდნაძის წინააღმდეგ რუსეთი დღესდღეობით უკვე აშკარად იბრძვის. ეს ბრძოლა აშკარად ჩანს რუსულ პრესაში. “ბოლო ხანებში რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული “საინფორმაციო ომი” სხვა არაფერია თუ არა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტური სიტუაციის გაღვივების მცდელობა”, მიაჩნია მას. გაზეთი ცდილობს დაადგინოს, თუ რატომ კეთდება რუსეთის მას-მედიის საშუალებით ანტიქართული განცხადებები, მაშინ, როდესაც პუტინმა საქართველოს მიმართ თავისი პოზიტიური განწყობილება არაერთხელ გამოხატა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ არის ერთიანი. “როგორც ჩანს, რუსეთში პრეზიდენტის სიტყვა “ერთმნიშვნელოვანი” იმპერატივი არ არის და მას ზოგიერთი პოლიტიკოსი (სავარაუდოდ, სპეცსამსახურებიც და სამხედროებიც) არ იზიარებს”, აღნიშნავს გაზეთი. მეორე მოსაზრება რუსეთის პრეზიდნეტის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს: სახალხოდ პუტინი საქართველზე აუგს არ ამბობს და სოლიდარობას უცხადებს მას, სხვებს კი საქართველოს არაერთგზის დისკრედიტაციის საშუალებას აძლევს. “დილის გაზეთი” ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს შევარდნაძე-პუტინის შეხვედრაზე საუბარმა იკლო. “სამაგიოეროდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იკვეთება ახალი ფიგურა – ასლან აბაშიძე, რომელიც, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, შეძლებს ნეგატიურ ურთიერთობებში “პოზიტივის” შეტანას”. გაზეთი რატომღაც პესიმისტად რჩება და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქარველო-რუსეთს ცივილიზებული, დემოკრატიული ურთიერთობების პერსპექტივა არ გააჩნიათ.