ახალი ამბები

პარლამენტი ორად არის გაყოფილი

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(თბილისი. 7 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”)– გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. “საკანონმდებლო ორგანოში ხელმძღვანელის არჩევა მუშტი-კრივის ფონზე მიმდინარეობდა”, წერს “რეზონანსი”. ამ პოსტზე ფრაქცია “ტრადიციონალისტის” მიერ დასახელებულ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ახლად არჩუელი დეპუტატის ვაჟა ლორთქიფანიძის სახით. ახალმა კანდიდატურამ პარლამენტი ორად გაყო.

ლორთქიფანიძე პრეზიდენტის რჩეულად მოიაზრება. მისი კანდიდატურა ფრაქცია “თანადგომამ” წამოაყენა. ლორთქიფანიძის მხარდამჭერებმა კენჭისყრის პარასკევისთვის გადადება მოითხოვეს. “სოციალისტების” ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, კენჭისყრა იმიტომ უნდა გადადებულიყო, რომ კანდიდატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან იყო შესათანხმებელი, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” რიგი პროცედურების გასავლელად მეტ დროს ითხოვდნენ, ხოლო თავად ვაჟა ლორთქიფანიძე აცხადებდა, რომ სხვადასხვა ფრაქციებთან კონსულტაციები უნდა გაემართა (“დილის გაზეთი”).  

“რეზონანსს” მიაჩნია, რომ ასლან აბაშიძეზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ ვინ გახდება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. მისი აზრით, აჭარის ლიდერმა და შევარდნაძემ ეს კანდიდატურა ერთმანეთთან უკვე შეათანხმეს. “გუშინ სპიკერის არჩევის საკითხი გადაიდო. გამოდის, რომ შევარდნაძესა და აბაშიძეს არა ჰყავთ სიით უმრავლესობა პარლამენტში, ანუ 118 ხმა, რომელიც საკმარისია პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად”, ასკვნის გაზეთი.

რაც შეეხება რეფორმატორებს და მათ მხარდამჭერებს, ისინი გუშინდელ დღემდე, კონკურენტი კანდიდატის დასახელებამდე, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი კანდიდატურის არჩევას ხელს არაფერი შეუშლიდა. თუმცა ძალთა ბალანსი იმედგაცრუების საფუძველს მაინც არ იძლევა. “რეფორმატორები ბურჯანაძის სახით ჯერ პარლამენტის სადავეების ხელში ჩაგდებას, შემდეგ კი ძლიერი კოალიციის შექმნას და მთავრობაში მოკალათებას გეგმავენ”, წერს “რეზონანსი”.

Back to top button