
პრესა ვითარებას დასცინის
“რეზონანსი”, “ალია”, “დილის გაზეთი” (თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა. ქართული პრესა ამ შეხვედრას საკმაოდ ირონიულად აღწერს და ირონიულია თავად პრეზიდენტის მიმართაც. “რეზონანსის” სტატია სათაურით “შევარდნაძეს ტაში – მას სტუდენტები ძალიან უყვარს” ასე იწყება: “გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისადმი მიცემული სიტყვა რატომღაც შეასრულა და უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს შეხვდა… დარბაზში ვერ მოხვდა უამრავი სტუდენტი, რომელთაც არ ერგოთ რექტორის პატივი და სიებში ვერ მოხვდნენ”. გაზეთი განსაკუთრებულად არც სტუდენტებს ამართლებს, როდესაც წერს, რომ ვინც თავდაპირველად პრეზიდენტის გადადგომას უჭერდა მხარს, შეხვედრის დასასრულს მის პოსტზე დარჩენას უკრავდა ტაშს. შეხვედრის მთავარი თემა, პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად, პოლიტიკა იყო. სტუდენტების ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. გამომსვლელების პირველი ნაწილი პრეზიდენტის წინააღმდეგ რადიკალიზმით გამოირჩეოდა. მან პრეზიდენტს ჯავახეთის, კოდორის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები შეახსენა. პრეზიდენტმა ამ კითხვებს ჯავახეთში კარტოფილის უხვ მოსავალზე და კოდორში უფასოდ დარიგებულ შაქარსა და მარილზე საუბრით უპასუხა. პრესა შევარდნაძის ამ პასუხებს ძალიან ირონიულად უდგება და, ფაქტიურად, სასაცილოდ იგდებს. “საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან ისეთი ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რომ რუსეთმა დაბომბვები ვეღარ გაბედოს”, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი საქართველოსთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კოდორის პრობლემას… რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მწარე რეალობის მიუხედავად, შევარდნაძეს მაინც არ სჯერა, რომ ეს რეგიონები დაკარგულია. “თუ მართლა არ გარდავიცვალე, ან არ გადავდექი, მდგომარეობა აფხაზეთში კარდინალურად შეიცვლება”, – უკვე მერამდენედ ფიცი დადო მან”, წერს “ალია”, რომელსაც, აშკარაა, პრეზიდენტის სიტყვების არ სჯერა. სტატიის სათაურად თავად ქვეყნის მეთაურის სიტყვებია გამოყენებული: “არც სიკვდილს ვაპირებ და არც – გადადგომას”. სტუდენტი გამომსვლელების მეორე ნაწილი პრეზიდენტისადმი მხარდაჭერით გამოირჩეოდა. მათი რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ “დილის გაზეთი” სტატიაში სათაურით “პრეზიდენტი “კრაზანების ბუდეში” მივიდა და თავისიანებში აღმოჩნდა” წერს: “სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ძირითადად, შევარდნაძის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი, სტუდენტურმა ოპოზიციამ კი უნივერსიტეტის ეზოში გამართა ანტისაპრეზიდენტო აქცია”. “გუშინდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ სტუდენტობასაც იგივე “ზნე” სჭირს, რაც მთლიანად ჩვენს საზოგადოებას: ის ორ ბანაკად არის გაყოფილი, საკმარისზე მეტადაა პოლიტიზირებული და თავისი რადიკალიზმით წვავს შერიგების ხიდებს”, წერს “დილის გაზეთი”.
მისი თქმით, გუშინ შევარდნაძემ “ფრიადზე” შეაფასა სტუდენტების “ნამუშევარი”, თუმცა “შეხვედრის ბოლოს მან სტუდნეტებს უთხრა ის, რისთვისაც ოთხი საათი ილაპარაკა – “აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს” (“რეზონანსი”).