
შევარდნაძე აჭარის ლიდერს გორგასლის ორდენით აჯილდოვებს
აბაშიძე წლების განმავლობაში თბილისში ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა და მიზეზად მის წინააღმდეგ მოსალოდნელ ტერაქტს ასახელებდა. 3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია. ამ ვიზიტს წინ უძღვოდა სერიოზული სახელისუფლო კრიზისი რომელსაც შედეგად პრეზიდენტის მიერ მთელი მთავრობის იძულებითი გადაყენება და პარლამენტის თავჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ თავად ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით ამჟამადაც მიმდინარეობს. ბათუმში ვიზიტის ოფიციალური მიზეზი დიდი ხნით ადრე დაგეგმილი უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნა იყო. ქართული საინფორმაციო საშუალებები კი სავარაუდო, რეალურ მიზეზად უკანასკნელ პოლიტიკურ მოვლენებს და კერძოდ პრეზიდენტის მიერ ახალი, ძლიერი მოკავშირის ძიებას ასახელებენ. საქართველოს პრეზიდენტისა და რეგიონის ლიდერს შორის მოლაპარაკებები ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით პრეზიდენტმა თავადვე აღიარა რომ საუბარი პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. იგივე დაადასტურა ასლან აბაშიძემაც. მისი განცხადებით ორმხრივი შეხვედრა ქვეყნის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანის საშუალებებს და აღორძინების პერსპექტივებს მიეძღვნა. ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი პრეზიდენტის პოლიტიკის გამოვლინების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დაინიშნა. რის შესახებაც შევარდნაძემ 5 ნოემბერს გამართულ ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან შაბათს აჭარაში ვიზიტის დროს მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ანალოგიური ინიციატივით ბათუმის ყოფილი მერი, პარლამენტარი ასლან სმირბა გამოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში აჭარის უფრო მეტი წარმომადგენელი უნდა იყოს გათვალისწინებული. ბათუმში ვიზიტის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მინისტრის ვაკანტური პოსტზე შევარდნაძე აბაშიძის გუნდის წევრებს წარადგენს. დაუდასტურებელი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავად ასლან აბაშიძე მოგვევლინება. აღნიშნული ინფორმაცია 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. კომენტარი თემაზე: გიორგი თარგამაძე თავისთავად ამ ვიზიტში მემგონი მოულოდნელი არაფერი იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. შემდეგ პრეზიდენტის საზღვარგარეთული ვიზიტების გამო რამდენჯერმე გადაიდო. ხოლო საბოლოოდ ეს რიცხვი 3 ნოემბრით განისაზღვრა. ბუნებრივია უნივერსიტეტის გახსნაზე ჩამოსვლის პრალელურად ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ძალიან სერიოზული საუბარი შედგა მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ანუ იმ პერსპექტიულ მიმართულებაზე, რომლითაც ჩვენი აზრით უნდა განვითარდეს ქვეყნის პოლიტიკა და კარდინალურად შეიცვალოს მისი ეკონომიკური სოციალური და თუნდაც საგარეო პოლიტიკური ასპექტები. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა, ასლან აბაშიძემ დღესაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძისა და ჩვენი პოზიციები არასოდეს არ დამდგარა ისე ახლოს როგორც ამ შემთხვევაში. შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა სწორედ ასლან აბაშიძე დაასახელა სახელმწიფოს მხრიდან იმ უფლებამოსილებებით აღჭურვილ პირად რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებისათვის იმუშავებს. ამ მიმართულებით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავად ბატონმა ასლანმა. კარგად მოგეხსენებათ ისიც, რომ აბაშიძე არ არის არასერიოზული პოლიტიკოსი და თიუთოეულ მის სიტყვას და გადაწყვეტილებას იგი ასჯერ წონის და ზომავს, ანუ არსებობს რაღაც გარკვეული გარანტიები და წინაპირობები. ამასთან პრეზიდენტთან საუბარი შედგა ეკონომიკური პოლიტიკის ძირეულ ცვლილებებზე, ქვეყანაში რეალური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე, და უცხოური დახმარებებზე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლის განხორციელებაზე. საუბარი ასევე ეხებოდა რუსეთთან დამოკიდების გამოსწორებასაც. არ არის სიახლე, რომ ასლან აბაშიძე საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობათა პოზიტიურ სიბრტყეში გადაყვანის თვალსაზრისით უმთავრესი ფიგურაა.“დღეიდან შემიძლია თბილისს ყოველგვარი შიშის გარეშე ვესტუმრო”, – ასეთი იყო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ 3 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტის ახალი კორპუსის გახსნის ცერემონიალზე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ბლოკი “აღორძინება”