
ვისიცაა სპიკერი, საბოლოო გამარჯვებაც მისია
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი” ხელისუფლებისთვის ბრძოლა დღეს განსაკუთრებული გააფთრებით მიმდინარეობს. “რეზონანსის” თქმით, პარლამენტში ჟვანიასა და შევარდნაძის მომხრეები თითქმის თანაბრად არიან. თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ ჰყავს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი რაოდენობა – 118 დეპუტატი. ხვალ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას განიხილავენ. “ბუნებრივია, ამ პოსტზე დიდი ბრძოლა გაჩაღდება, რადგან მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”, წერს “რეზონანსი”. მას მიაჩნია, რომ სწორედ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, თუ რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას დარჩება საბოლოო გამარჯვება. სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი უფრო ხანგრძლივი გამარჯვებისა და დომინანტობისა ხელისუფლებაში. “რეზონანსი” არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი გახდეს. სავარაუდოა, სწორედ ეს იყო თემა შევარდნაძე-აბაშიძის შეხვედრისა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე იყო საუბრი, თუმცა განაცხადა: “მე და ასლანი დავსხდებით და მოვიფიქრებთ, როგორი ქვეყანა უნდა მოვაწყოთ”, წერს გაზეთი. “რეზონანსი” ასევე ვარაუდობს, რომ,იმ შემთხვევაში, თუ ასლან აბაშიძე წარდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტი არ დაუშვებს, პარლამენტის თავმჯდომარეც “აღორძინების” წარმომადგენელი გახდეს. “ექსერტთა აზრით, ხელისუფლების ორივე შტოში “აღორძინების” დომინანტობა თავად შევარდნაძისთვისაც იქნება მიუღებელი”. სხვათა შორის, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ასლან აბაშიძემ უარი თქვა წლების განმავლობაში შემუშავებულ პრინციპზე და თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა. “რეზონანსის” ინფორამციით, შევარდნაძე-აბაშიძის დუეტმა პარლამენტის თავმჯდომარისა და რამდენიმე მინისტრის კანდიდატურაც შეარჩია. “დილის გაზეთი” აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შევარდნაძის მუდამ გამაკრიტიკებელი “აღორძინების” წევრები აჭარაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს ერთგულებას უმტკიცებდნენ. გაზეთი იმით ხსნის ოპოზიციის წევრების საქციელს, რომ ვაკანტურია ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა. ორი დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამიერიდან მას პარლამენტში უფრო დიდი უმრავლესობა ეყოლება, ვიდრე ადრე ყავდა. შევარდნაძეს ჯერ არ დაუდასტურებია, ვის მოიაზრებს თავის ახალ მხარდამჭერებში, მაგრამ შეიძლება ითქვს, რომ პრეზიდენტის გუნდში შევლენ “აღორძინება”, “ახალი მემარჯვენეები”, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირიდან” წასული პარლამენტარები, “სოციალისტები”, აგრეთვე ის ცალკეული დაჯგუფებები, რომლებსაც რაღაც სარგებელს შეჰპირდებიან, ვარაუდობს “დილის გაზეთი”. მას მიაჩნია, რომ ასეთ ჭრელ კონგლომერატში შევარდნაძისთვის უფრო რთული იქნება საკუთარი ინტერესების დაცვა, ვიდრე ამას “მოქალაქეთა კავშირში” ახერხებდა.