ახალი ამბები

თვითგადარჩენის ინსტინქტმა შევარდნაძე აბაშიძესთან მიიყვანა

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

ქართული პრესა დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. “დილის გაზეთი” განმარტავს, თუ რატომ დაითხოვა პრეზიდენტმა მთელი აღმასრულებელი მთავრობა და მის სამომავლო დასაყრდენზე საუბრობს. 

დღემდე პრეზიდენტი ყოველი გაჭირვების ჟამს თითო კომპრომისზე მიდიოდა, მაგალითად ერთ მინისტრს მოხსნიდა და სიტუაციაც განმუხტული იყო. “სტაბილურობის შენარჩუნების” წმიდათაწმიდა იდეას ეწირებოდნენ ცალკეული ჩინოვნიკები, სამაგიეროდ “ბუდეში” მუდამ სიმშვიდე და სტაბილურობა იყო”, წერს “დილის გაზეთი”. 

ამჯერად პრეზიდენტისაგან მისი უსაყვარლესი მინისტრის კახა თარგამაძის გადაყენება მოითხოვეს. წუთიერი სისუსტის ერთ-ერთ მომენტში შევარდნაძეს წამოსცდა, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი გადადგებიან, მზად ვარ მეც მათთან ერთად გავიზიარო პასუხისმგებლობა და გადავდგეო. ამბობდა რა ამ სიტყვებს პრეზიდენტი, არ მოელოდა, რომ ზურაბ ჟვანიას განცხადება გადადგომის შესახებ ფაქტიურად თარგამაძისა და მეფარიშვილის პოსტებიდან გადადგომის საფუძველი გახდებოდა, წერს გაზეთი.

“პრეზიდენტი ჩიხში მოექცა: იგი მიხვდა, რომ საქმე უკვე მხოლოდ ორი ძალოვანი ჩინოვნიკის გადაყენებით აღარ დამთავრდებოდა და ოპონენტები მისგან სიტყვის შესრულებას მოითხოვდნენ. ასე რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამიტომ დაითხოვა შევარდნაძემ მთელი მთავრობა – როდესაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებაც თავმოკვეთილია, მხოლოდ სულელს მოუვა აზრად, სახელმწიფოს მეთაურის გადადგომაც ითხოვოს”, წერს გაზეთი.

“დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ შევარდნაძემ მთელი მთავრობა მხოლოდდამხოლოდ საკუთარი პრეზიდენტობის შენარჩუნების მიზნით გადააყენა. “შევარდნაძე შეეცადა, თავის ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით აეხსნა, რაც, უბრალოდ, სასაცილოა: როდესაც იბომბება ქვეყნის ტერიტორია და ამ დროს ათავისუფლებ თავდაცვის მინისტრს, როდესაც კარზეა მომდგარი ზამთარი, გემუქრება სიცივე-უშუქობა და ათავისუფლებ ენერგეტიკის მინისტრს, როდესაც გასარკვევია მიმდინარე წლის ბიუჯეტის ბედი და შესადგენია მომდევნო წლის ბიუჯეტი, ამ დროს კი “პენსიაზე” უშვებ ფინანსთა მინისტრს, … – ძნელია, დააჯერო საზოგადოება, რომ ყოველივე ეს ქვეყნის საკეთილდღეოდ კეთდება და არა თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე”.

მიხვდა რა, რომ ძველს აღარაფერი ეშველებოდა, შევარდნაძემ ახალი ძალების ძიება დაიწყო. “აჭარაში საკონსულტაციოდ ჩასვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე შევარდნაძის ერთ-ერთი ძლიერ დასაყრდენად აღიქმება”, წერს “რეზონანსი”. “დილის გაზეთი” ასლან აბაშიძეს ახალ “საზარბაზნე ხორცს” უწოდებს. “შევარდნაძეს პოლიტიკური დასაყრენი გამოეცალა და ეძებს მეხამრიდს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში პასუხისმგელობისგან დაიცავს”, წერს გაზეთი.
 
მისი აზრით, ასეთ მძიმე მდგომარეობაში პრეზიდენტი არასოდეს ყოფილა. აქამდე ის თავად კარნახობდა ყველას თამაშის წესებს, ახლა კი იძულებულია, იმ სცენარით იმოქმედოს, რომელსაც სხვები შესთავაზებენ. “პრეზიდენტს შეცდომის დაშვების უფლება უკვე აღარ აქვს – საკმარისია ერთი არასწორი ირაო, რომ შევარდნაძეს ახალგაზრდა ქორები ისევ დააცხრებიან”, წერს “დილის გაზეთი”.   

Back to top button