
ახალი საპარლამენტო სტრუქტურის მოლოდინში
ფრაქციები სახელისუფლო ღვეზელის გადანაწილებას იწყებენ გიორგი კალანდაძე, “სივილ ჯორჯია” “მე ერთადერთი პარლამენტის სპიკერი ვარ მთელს მსოფლიოში, რომელსაც პირადი ოპოზიცია ჰყავს”, – განაცხადა 1 ნოემბერს პარლამენტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე. ამავე დღეს ის თანამდებობიდან გადადგა. მისი “პირადი” ოპოზიცია დღეს საერთო პოზიციაზე აღარ დგას, რადგან თავისუფალია პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი. პარლამენტის თავმჯდომარე კი კონსტიტუციით ქვეყანაში მეორე პირია და პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, მას დაევალება არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ახალი გადანაწილებების ფონზე უშულო არბიტრის ფუნქცია სწორედ პარლამენტის მომავალ თავჯდომარეს დაეკისრება. კულუარებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება – ვაჟა ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილი, დავით გამყრელიძე, ნიკო ლეკიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, გიგი წერეთელი, გიორგი თარგამაძე, ჯემალ გოგიტიძე. თუმცა მათ, ჯერჯერობით, მხოლოდ მცირედი უპირატესობა გააჩნიათ სხვა რიგით დეპუტატებთან შედარებით. სავარაუდოა, რომ ამ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევაზე გავლენას ყველა სხვა საპარლამენტო პოსტის პარლამენტში არსებულ ძალებზე გადანაწილების პროცესი იქონიებს. პარლამენტის სტრუქტურული გარდაქმნის საკითხი დღეს საკანონმდებლო ორგანოში აქტიური განხილვის საგანია. “ჩვენ მოვითხოვთ, რომ ორ კვირაში განხორციელდეს პარლამენტის სრული რეორგანიზაცია. პარლამენტში ძალთა გადანაწილება მოხდა და საპარლამენტო თანამდებობიც ამ ცვლილების შესაბამისად უნდა განაწილდეს. მაგალითად, მიგვაჩნია, რომ არსებული 16 კომიტეტიდან მაქსიმუმ 9 უნდა დარჩეს”, – აცხადებს ფრაქცია “მრეწველების” თავმდომარის მოადგილე ზურაბ ტყემალაძე. ერთი თვის წინ მისმა ფრაქციამ ალიანსი გააფორმა ორ საპარლამენტო გაერთიანებასთან – “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატები” და “ტრადიციონალისტი”. ალიანსს “ცენტრი” ეწოდა. მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქციათა ლიდერები არ გამორიცხავდნენ, რომ მალე ალიანსი კოალიციად გარდაიქმნებოდა. ერთი თვის თავზე, როდესაც პარლამენტში დაიშალა როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა, ალიანსი “ცენტრი” ‘მრეწველთა” გარეშე კოალიცია ხდება. მისი თავმჯდომარეა ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი. კოალიციაში 25 კაცია გაერთიანებული. “ჩვენი კოალიცია ჯერ არ ფიქრობს საკუთარ კანდიდატურაზე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე”, – აცხადებს აკაკი ასათიანი, რომელსაც 1991 წელს ერთხელ უკვე ეკავა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის თანამდებობა. მისი თქმით, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე “პოლიტიკური ლიდერი არ უნდა იყოს, რათა მოიხსნას მემკვიდრეობითობის საკითხი”. მსგავსი მოსაზრება გააჩნია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრს, გიორგი ბარამიძეს. მისი თქმით, სავსებით რეალურია ამჟამად საპარლამენტო კოალიციის ჩამოყალიბება, რომელიც “არ იქნება მართული პრეზიდენტ შევარდნაძისგან. ამდენად, თუ ეს კოალიცია შეიქმნება, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა შეიძლება არც კი იყოს პოლიტიკური ლიდერი”. ბარამიძისეულ კოალიციაში, მისივე ვერსიით, შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი ფრაქციები: “მოქალაქეთა კავშირი”, “ტრადიციონალისტი”, “ახალი აფხაზეთი და ქრიატიან-დემოკრატები”, “აფხაზეთი”, “21-ე საუკუნე”, “მრეწველები”, “მაჟორიტარი”. ასევე ყოფილი უმრავლესობის წევრები, რომლებიც დღეს არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაწევრიანებულნი. სხვათა შორის, ბარამიძისეულ კოალიციაში გაწევრიანების სურვილს, ჯერჯერობით, არც ერთი ჩამოთვლილი ფრაქციის ლიდერი არ გამოთქვამს. ბარამიძე ასევე საუბრობს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც. ამ მოსაზრებას იზიარებს ზურაბ ტყემალაძე. “დღეს სავსებით რეალურია, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს. ამ ეტაპზე მოხსნილია პიროვნული საკითხი და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება არ ხდება ერთი პირის ამბიციების გამო, ეს შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს შექმნილი სიტუაციიდან”, – მიიჩნევს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე. ის “ერთი პირი”, რომლის თაობაზეც ის საუბრობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაა. “მრეწველთა” წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე კი დასძენს, რომ თუ პარლამენტში კოალიცია შეიქმნება, ამავე კოალიციამ, სამომავლოდ, უნდა დააკომპლექტოს კიდეც მინისტრთა კაბინეტიც.საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. ზურაბ ჟვანიას გადადგომით პარლამენტში ახალი ალიანსებისა და კოალიციების გაფორმების ეტაპი დაიწყო. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 6 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. კონსულტაციების პროცესში უკვე ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ორი დღის წინ, თბილისში მიმდინარე სტუდენტური გამოსვლებისას, მთავრობის მთელი შემადგენლობის დათხოვნა მოუხდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ალბათ, გავლენას მოახდენს მისი ბათუმური ვოიაჟი, რომლის დროსაც ედუარდ შევარდნაძე აჭარის ავტონომიის მეთაურს, ასლან აბაშიძეს უნდა შეხვდეს.