ახალი ამბები

როგორი რესპუბლიკა იქნება საქართველო?

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

მთავრობის წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი კვლავ ვაკანტურია. დღევანდელი ქართული პრესა გარდაუვალ სამთავრობო და საპარლამენტო ცვლილებებზე საუბრობს.

პრეზიდენტი ორ კვირაში პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. მომავალი მთავრობის შესახებ დღეს უკვე საუბრობენ საპარლამენტო კულუარებში და ვარაუდობენ, რომ, მასში ძველი მთავრობის რამდენიმე წევრი დაბრუნდება. დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტს თავისი კანდიდატურების გატანა ძალიან გაუჭირდება, წერს “რეზონანსი”.

“იმედია, პრეზიდენტი პარლამენტისთვის კახა თარგამაძის, გია მეფარიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის კანდიდატურების შეთავაზებას ვერ გაბედავს”, აღნიშნავს გაზეთი. გარდა მოსახლეობის მკვეთრი ანტიპატიისა ამ პირების მიმართ, დეპუტატთა დიდი რაოდენობაც არის მათთან დაპირისპირებული.

“რეზონანსს” მიაჩნია, რომ მთავრობის წევრების დამტკიცებისას პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი. “პრობლემამ სწორედ აქ იჩინა თავი. არიან თუ არა პრეზიდენტის გარემოცვაში ის პირები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობით სარგებლობენ?”, კითხულობს გაზეთი და, სხვათა შორის, აღნიშნავს, რომ დაშლილი უმრავლესობის ფონზე საკმაოდ ძლიერია პრორუსული ორიენტაციის ოპოზიცია.

“დილის გაზეთი” პრემიერ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, პრემიერ მინისტრობისთვის სერიოზული შანსები აქვთ გოგი თოფაძეს, ზურაბ ცქიტიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს.

კანდიდატებზე მსჯელობასთან ერთად გასარკვევია კონსტიტუციური ცვილილებების საკითხიც. შევა თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში და რა სახის? როგორი რესპუბლიკა ჩამოყალიბდება ამ ცვლილებათა შედეგად – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო? – აინტერესებს “დილის გაზეთს”.

“დღევანდელ შემთხვევაში საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიაღწიოს გარკვეულ შეთანხმებას ერთი რომელიმე მოდელის თაობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოდელი ედუარდ შევარდნაძის თავდაპირველ ვარიანტს საკმაოდ დაშორებული იქნება”, ვარაუდობს “დილის გაზეთი” და იქვე დასძენს, რომ პრეზიდენტი კომპრომისებისთვის მზად არის.

“უმთავრესი უკვე განხორციელებულია, იწყება ძალთა საბოლოო გადანაწილება პარლამენტში… ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის გააფთრებული ბრძოლა დაიწყება”, წერს “დილის გაზეთი”. მისი ინფორმაციით, ამ პოსტთან დაკავშირებით გამოიკვეთნენ დავით გამყრელიძე, ვახტანგ რჩეულიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, Aკაკი ასათიანი, დავით სალარიძე.

“რეზონანსის” ცნობით, მოქალაქეთა კავშირისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც პრეზიდენტმა მთელი მთავრობა დაითხოვა. “ამ ეტაპზე, როცა კოდორი იბომბება და ფაქტობრივად, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, თავდაცვის მინისტრის გადაყენება პოლიტიკური შეცდომა იყო”, აცხადებს მოქალაქეთა კავშირის წევრი კახა ჩიტაია.  

Back to top button