ახალი ამბები

…ახლა ომი სკამებისთვის ატყდება

საქართველოში სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. ქვეყანას მთავრობა მხოლოდ ერთი პირის, ედუარდ შევარდნაძის სახით ჰყავს. ამასობაში კი, გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობა კვლავ იბომბება. ხელისუფლება ფაქტიურად თავიდან არის შესაქმნელი. დღევანდელი პრესის მთავარი თემა, ბუნებრივია, გუშინ მომხდარი სწრაფი ცვლილებებია.

“რეზონანსი”

“რეზონანსს” მიაჩნია, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ისტორიული ფრაზები თქვა. “საგანგებო სესიაზე ხალხისაგან დაშორებული შევარდნაძე ჟვანიამ მოვლენების რეალურად შეფასების უნარის დაკარგვაშიც დაადანაშაულა. აღფრთოვანებული დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ ტაშით შეხვდნენ”, წერს გაზეთი.  

“რეზონანსი” აღწერს, თუ როგორი ოვაციებით გამოხატეს პარლამენტსა და ქუჩაში აღფრთოვანება მთელი მთავრობის გადადგომის გამო. გაზეთს მიაჩნია, რომ ჟვანიამ და მისმა გუნდმა შევარნდაძეს სამაგიერო გადაუხადა: აღელვებული მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას გამწარებული მოითხოვდა.

“პრეზიდენტი თუ გადადგა, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში არ იარსებებს ოფიციალური პირი, რომელიც დღესვე რომ ომი დაიწყოს, უფლებამოსილია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელით ერთი ფრაზა მაინც თქვას”, წერს “რეზონანსი” და დასძენს, რომ შევარდნაძე ცაიტნოტში არმოჩნდა. მას არა აქვს უფლება დაგადგეს და ამავდროულად ხალხი მის გადადგომას მოითხოვს.

“პასუხისმგებლობა შექმნილ სიტუაზე ეკისრება ედუარდ შევარდნაძეს, ვინც ხალხს ეუბნებოდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა”, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ “რეზონანსს”, როდესაც მას კითხეს, თუ ვინ გააგებინებდა შეკრებილ ხალხს, რომ შევარდნაძის გადადგომა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას გამოიწვევდა.

გაზეთის აზრით, ვითარება იმდენად არეულია, რომ კოდორში გამწვავებული ვითარების ფონზე კორუმპირებულ მინისტრებს ეზრდებათ შანსი მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და კვლავ მოხვდნენ ახალ მინისტრთა კაბინეტში.

“რეზონანსის” კორესპონდენტი თბილისელებს გაესაუბრა. მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ქუჩაში გამოსული სტუდენტები ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს. ეს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას. მათი აზრით, ტელეკომპანიაში უშიშროების წარმომადგენლების შეჭრა მხოლოდ საბაბი იყო ხალხის ქუჩაში გამოსასვლელად.

“დილის გაზეთი”

“დილის გაზეთი”, როგორც ყოველთვის, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას შეფასებასა და ანალიზს უკეთებს. “ბოლო დღეების მოვლენებმა, რომელმაც კმაყოფილი მხოლოდ გულგრილი დამკვირვებელი თუ დატოვა, ბევრს დაწყობილი გეგმები აუშალა, ბევრსაც კი, ახალ ბროლის კოშკებზე დააწყებინა ფიქრი”, წერს იგი.

“დესტაბილიზაციის საფრთხე ჯერ კიდევ სახეზეა. ამის საფუძველს დასაკომპლექტებელი მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარის ვაკანტური ადგილი ქმნის”. გაზეთი დარწმუნებულია, რომ სულ ცოტა ხანში განთავისუფლებული სკამებისთვის არნახული ომი ატყდება. “ტელეკამერის წინ დაფიქსირებული ემოციურ-პატრიოტული პათოსის მიღმა პოლიტიკური კულუარები უკვე ღია ვაჭრობამ მოიცვა”. სახელისუფლებო “რევოლუციის” შედეგებს პარლამენტი გადაწყვეტს, თუ საქმეში ისევ ქუჩა არ ჩაერია.

გაზეთი დარწმუნებულია, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები არ ყოფილა დაგეგმილი: “პარლამენტის გუშინდელმა სხდომამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სიუჟეტი სპონტანურად განვითარდა და როგორი იქნებოდა მისი ფინალი, თითქმის არავინ იცოდა”.

“დილის გაზეთი” “რეზონანსის” მსგავსად აღნიშნავს, რომ გუშინ ეს იყო პირველი საჯარო და პირდაპირი კრიტიკა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტის მიმართ გამოთქვა. “ჟვანია დაგროვილი პრობლემებისადმი პრეზიდენტის წაყრუების შედეგს მიიჩნევს იმ სურათს, რომელიც დღეს არის შექმნილი”, წერს გაზეთი.

გაზეთს მიაჩნია, რომ ახლა უკვე პარლამენტის რიგითი დეპუტატი ზურაბ ჟვანია და ასევე რიგითი მაჟორიტარი მიხეილ სააკაშვილი ახალი “ნაციონალური მოძრაობის” დაკონსერვებას შეეცდებიან და ამით გარკვეულ გარანტიებს შეიქმნიან. “ლეგიტიმური გამოსავალი, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იყოს”, წერს გაზეთი და აშკარაა, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქუჩის აქციები ახალგაზრდა რეფორმატორთა ინსპირირებული იყო.

“ახალი თაობა”

“საქართველოს უახლეს ისტორიაში გუშინ ახალი ეტაპი დაიწყო… სახელისუფლებო, საპარლამენტო თუ სოციალურმა კრიზისმა თავისი კულმინაციური ასახვა გუშინდელ გადადგომათა სერიაში ჰყოვა”, წერს “ახალი თაობა”.

მისი აზრით, გუშინ სახელისუფლებო გადატრიალება რეალურად განხორციელდა და ის ოპერატიულ ვითარებაში უჩვეულოდ კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

გაზეთი სენსაციურ და სხვა გაზეთებისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გადაგომათა ეპოპეას მალე საქართველოს პრეზიდენტიც უნდა შეუერთდეს. გაზეთის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში პრეზიდენტობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებას დაწერს.

Back to top button