
პრეზიდენტმა ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ალია” უშიშროების სამინისტროს მიერ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნა ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა და სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. ამის შემდეგ საზოგადოების ერთმა ნაწილმა სიტყვის თავისუფლების დასაცავად მასობრივი საპროტესტო აქციები გამართა. ხალხმა შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძისა და გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის გადადგომა მოითხოვა. “დილის გაზეთის” აზრით, სახალხო გამოსვლებმა ათი წლის წინანდელი მოვლენების სახე მიიღო. ამ მოსაზრებას “ალიაც” იზიარებს. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, თუმცა “გენერალურ პროკურორ გია მეფარიშვილსა და განსაკუთრებით “აღშფოთების ტალღის” მთავარ სამიზნეს – შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მფარველი კალთა გადააფარა” და მათი თანამდებობიდან გადაყენება მიზნშეწონილად არ მიიჩნია. პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი თანამდებობის პირი მართლაც დამნაშავეა სახელმწიფოს წინაშე, ის მზად არის გაიზიაროს პასუხისმგებლობა და თავადაც დატოვოს თანამდებობა. “რეზონანსის” თქმით, “პრეზიდენტი პარლამენტის გადადგომით დაემუქრა”. გაზეთის წყაროს ცნობით, პრეზიდენტს არ მოსწონს ზეწოლის ის მეთოდები, რომლითაცAმას გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ. “პირველ რიგში, პრეზიდეტმა უარყოფითად ქუჩის აქციები შეაფასა”, წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ქუჩებში მიმდინარე მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა. თანამდებობიდან გადამდგარი უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე ამბობს, რომ უკვე ნათლად გამოიკვეთნენ ის პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანიც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევაა, რაც, მისი თქმით, ისეთივე შედეგებით დასრულედება, როგორითაც ათიოდე წლის წინ, როდესაც საქართველო სამოქალაქო ომმა მოიცვა. დაახლოებით იმავე აზრს ავითარებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭარტურია. მისი აზრით, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები მოქალაქეთა კავშირის მიერ დადგმული სპექტაკლია. მეორეს მხრივ, მოქალაქეთა კავშირის წევრი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ბარამიძე “რუსთავი 2”-ის ოფისში უშიშროების წარმომადგენელთა გამოჩენას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აქციას უწოდებს. “შევარდნაძე არჩევანს პოლიციაზე აკეთებს”, წერს “ალია”. მისი აზრით, ხალხი რეფორმატორების მოკავშირეა და საბოლოოდ “გამარჯვება ჟვანიას დარჩება”. ქვეყანაში ფაქტიურად რევოლუციური ვითარებაა, აცხადებს “დილის გაზეთის” და დასძენს, რომ რევოლუციას ქვეყნისთვის კარგი არასოდეს მოუტანია. “ათასნაირი პრობლემით შეჭირვებული ხალხის გრძნობებზე თამაშმა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას შეიძლება ძალზე ცუდი სამსახური გაუწიოს”, წერს გაზეთი. “რეზონანსი” მოვლენების განვითარების პროგნოზირებას ცდილობს: “ქუჩის ფაქტორის გათვალისწინება ალბათ პრეზიდენტისთვის აუცილებელი გახდება. იმ შემთხვევაში, თუ ის თარგამაძესა და მეფარიშვილს არ გადააყენებს და მხარს არ დაუჭერს პარლამენტართა დიდი ნაწილის მოთხოვნას, ქუჩის აქციები გამწვავდება და მის მიმართ ხალხის აგრესია ალბათ მნიშვნელოვნად გაიზრდება”.