
თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის იგნორირება დაიწყო
“რეზონანსი”, “ალია”, “დილის გაზეთი” გუშინ საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისში პრაქტიკულად ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გამოცხადდნენ და ტელეკომპანიის დარბევა მოინდომეს. უშიშროება “რუსთავი 2”-ში ჩხრეკის ჩასატარებლად და ფინანსური დოკუმენტების ამოსაღებად მივიდა, წერს “რეზონანსი”. გაზეთების მთავარი თემა სწორედ “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები და სიტყვის თავისუფლებაა. ქართული პრესა სრულ მხარდამჭერას უცხადებს ტელეკომპანიას. ტელეკომპანიაზე “შეტევა” გუშინ დაახლოებით 13 საათზე დაიწყო. უშიშროების წარმომადგენლები ტელეკომპანიას შემოსავლების დაფარვასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით მილიონ 200 ათასი ლარის დავალიანებაში ადანაშაულებდნენ. “როგორც მოგვიანებით გაირკვა, უშიშროების სამინისტროს ამ ოპერაციის ჩატარების სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა”, წერს “რეზონანსი”. ტელეკომპანიის ფინანსური შემოწმება საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ერთი კვირის წინ დაასრულა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მათ ოფისში გამოცხადებული უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ და რომ გადასახადები მხოლოდ საბაბი იყო. “ალია” ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, უშიშროების მიზანი არც ფინანსური დოკუმენტების შემოწმება იყო და არც პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, არამედ ხალხში არეულობის გამოწვევა, რაც მოხდა კიდეც. თუმცა ამ აზრს არც ერთი სხვა გაზეთი არ იზიარებს. “ის, რაც გუშინ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს გადახდა თავს, ნიშნავს, რომ საქართველოში თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის, საჯაროობის, ჟურნალისტების, მთლიანად საზოგადოების იგნორირება დაიწყო. რაც უნდა გასაოცარი იყოს, განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ამ უბედურების მოთავე ხელისუფლებაა. “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ აქამდეც მოქმედებდნენ სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებები, განსაკუთრებით ძალოვნები, მაგრამ ვითარების ასეთ დაძაბვას არავინ ელოდა”. ასეთ შეფასებას აძლევს “დილის გაზეთი” გუშინ განვითარებულ მოვლენებს. “დილის გაზეთის” აზრით, უშიშროება სულელურად მოიქცა, როდესაც ვერ გათვალა, რომ “რუსთავი 2”-ს ერთგული დამცველი ჰყავს მოსახლეობის სახით. “გუშინ მთელი თბილისი (და არა მხოლოდ თბილისი) თავისუფალ მედიაზე ზემოქმედების ამ ფაქტით სერიოზულად აღშფოთდა და ტელეკომპანიის დაცვა პირადი ღირსების საქმედ მიიჩნია”. სხვათა შორის, ტელეკომპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. დღეს პრესაში გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადება გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. “მე ვაფასებ იმას, რაც განხორციელდა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში, ერთმნიშვნელოვნად, როგორც პოლიტიკურ ანგარიშწორებას, პოლიტიკურ დევნას”, ნათქვამია განცხადებაში.
პრესა აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებილმა ხალხმა გაილაშქრა არა მხოლოდ ძალოვნების წინააღმდეგ. მათი პროტესტი მიმართული პრეზიდენტის იყო წინააღმდეგაც, რომელმაც გუშინ პირველად მისი პრეზიდენტობის მანძილზე ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და მათ კითხვას “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხი არ გასცა.