ახალი ამბები

საქართველო რუსეთის ზეწოლას ვეღარ უძლებს – პრეზიდენტი დანებდა

26 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ საქართველოში ნამდვილად არიან ტერორისტები. პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოხატა ნებისმიერი სახით ითანამშრომლოს რუსეთის ყველა სტრუქტურასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ამ  თანამშრომლობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი ამჟამად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება და შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე თავის რუს კოლეგებთან კონსულტაციებს აწარმოებს. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აუცილებელია საქართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მოლაპარაკებების დაწყება. ხვალ კი მოსკოვში მიემგზავრება სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი, რომელსაც თან გაჰყვება ერთერთი ძალოვანი უწყების შეფი.

პრეზიდენტის განცხადებები ნამდვილი სურპრიზი იყო იმ ფონზე როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმომადგენლები წამდაუწუმ ამტკიცებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ტერორისტული დაჯგუფებები არ იმყოფებიან. სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოფიციალური პირები საქართველოს, კერძოთ კი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი ტერორისტების არსებობას გადაჭრით უარყოფდნენ. ისინი დღესაც ამტკიცებენ, რომ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის გატარებით რუსეთი ცდილობს გლობალურ ანტიტერორისტულ ტალღას ამოფარებულმა საქართველოზე ახალი სამხედრო იერიში მიიტანოს.

დღევანდელი მთავრობის სხდომა ერთი საათით გადაიდო, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და შევარდნაძის ხანგრძლივი სატელეფონო დიალოგი. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე რუსეთის ძლიერ ზეწოლას ბოლოს და ბოლოს დანებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს დასავლური ქვეყნების პოზიციამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება თავი შეეკავებინა მკვეთრი განცხადებებისაგან, იმის თაობაზე, რომ საერთო ანტიტერორისტულ ტალღას რუსეთი თავისი გეოპლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად იყენებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე, რომელიც პრეზიდენტმა “რთულ ოპერატიულ ვითარებად” შეაფასა არანაირ კომენტარს არ აკეთებენ ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები.

ბოლო ინფორმაციები ამ თემაზე:

პრეზიდენტი რუსებთან თანამშრომლობაზე მიდის
პანკისის ხეობაში დაღუპულ ჩეჩნებს ასაფლავებენ
ომის საფრთხე რეალურია? ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს

მსგავსი/Related

Back to top button