ახალი ამბები

საპარლამენტო კრიზისი პიკს აღწევს

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”, “ალია”

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, პარლამენტში სერიოზული გადაჯგუფებები დაიწყო, რისთვისაც ნიადაგი დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა. ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას წინასწარმეტყველებენ. “უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში რამდენიმე დაჯგუფება შეიქმნება: პირველი – პრეზიდენტის ფრთა ანუ ლეკიშვილის “კონსერვატორული” გუნდი; მეორე – სააკაშვილი-ჟვანიას ფრთა; მესამე – მამალაძის ჯგუფი; მეოთხე – მაჟორიტარები; მეხუთე – ფრაქცია “აფხაზეთი”, რომელიც პრეზიდენტის დასაყრდენი ძალაა”, წერს “ახალი თაობა”.

“რეზონანსი” პარლამენტში ორი ახალი კოალიციის შექმნას ვარაუდობს. ერთში ნიკო ლეკიშვილის, ვაჟა ლორთქიფანიძის და ლევან მამალაძის გუნდები გაერთიანდებიან. მათ ეყოლებათ ახალი, მაგრამ ძველი ლიდერი – Eედუარდ შევარდნაძე. პრეზიდენტის საყრდენ ძალად “ახალ მემარჯვენეებსაც” მოიაზრებენ. მეორე კი იქნება მოქალაქეთა კავშირი, ანუ სააკაშვილი-ჟვანიას გუნდი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, საბოლოოდ ოპოზიციაში აღმოჩნდება.

უმრავლესობის დაშლის პარალელურად საინტერესო ძვრები მიმდინარეობს საპარლამენტო ოპოზიციაშიც. უახლოეს დღეებში შესაძლოა მრეწველების, ტრადიციონალისტების და “ახალი აფხაზეთის” კოალიციას მოეწეროს ხელი. სავარაუდოდ, სწორედ ეს ფლანგი გაფორმდება, როგორც პროჟვანიური ოპოზიცია, მიაჩნია “დილის გაზეთს”.

“შევარდნაძეს რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეს, ის ასე ადვილად არ დათმობდა ჟვანიას”, აცხადებს “ალია”. “პრეზიდენტს ალბათ ახალი უმრავლესობა ეყოლება და ის მას აბაშიძესთან გაიყოფს. გამორიცხული არ არის, ამის შესახებ აბაშიძესა და შევარდნაძეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყოს”, წერს “ალია” და აშკარაა, რომ შევარდნაძეს ოპოზიციასთან კოალიციაში ამხელს.

“პარლამენტში 1992 წლის მოვლენები მეორდება: მაშინდელ პარლამენტში იყო ბევრი ფრაქცია, რომლებსაც შევარდნაძე თავის სასარგელოდ კარგად ათამაშებდა”, წერს “რეზონანსი”.

“ახალი თაობის” აზრით, პარლამენტში მიმდინარე გადაჯგუფება პარლამენტის თავმჯდომარის გამოცვლას გამოიწვევს: “მმართველი პარტია სერიოზული სირთულეების წინაშე დგას. საპარლამენტო კრიზისი პიკს აღწევს და ამ კრიზისის დაძლევა პარლამენტის თამჯდომარის გადადგომას უკავშირდება”. გაზეთი პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ უმრავლესობის ლიდერს ნიკო ლეკიშვილს მოიაზრებს.

“ალიას” აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით საპირისპიროა. “დასუსტებული ჟვანია არც ისე სუსტია, რომ მას გადატრიალება მოუწყონ” და დაკავებული თანამდებობიდან გადააყენონ, წერს გაზეთი.

მსგავსი/Related

Back to top button