skip to content
ახალი ამბები

რუსი თანამდებობის პირი ხელისუფლებაში დასარჩენად ქართული ოცნების დახმარებას არ გამორიცხავს

რუსეთი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნებაში “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს თუ ამ თხოვნით თბილისი მოსკოვს მიმართავს, ტვ პირველის ცნობით ამ შინაარსის განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა მოსკოვში, რუსეთის მეგობართა კლუბის შეხვედრაზე გააკეთა. კლიმოვს ასევე უკავია ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთის საკითხებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ის არამხოლოდ რუსეთის, არამედ მეზობელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში სავარაუდო “ჩარევის” საკითხებით არის დაკავებული.

ტვ პირველის ცნობით, ჟურნალისტმა ანდრეი კლიმოვს ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი “მზად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად.” პასუხად, კლიმოვმა პარალელი გაავლო სირიასთან, მოიყვანა რა მაგალითად ბაშარ ალ-ასადი და განაცხადა, რომ ისინი ვინც რუსეთს მიმართავენ, სამხედრო დახმარებას იღებენ. “ნებისმიერი სახელწმიფო გადატრიალება, ეს არის გარე ძალების ჩარევა სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში, რაც არის გაეროს წესდების დარღვევა. მე სხვანაირად გეტყვით, მაგალითად, იყო სახელმწიფო გადატირალების მცდელობა სირიაში. როდესაც ასადის კანონიერმა მთავრობამ ჩვენ გვთხოვა მათ შორის სახმედრო დახმარება, ეს დახმარება ჩვენ მათ აღმოვუჩინეთ, და როგორც იცით, სირიაში სიტუაცია დასტაბილურდა,” ციტირებს კლიმოვს ტვ პირველი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მამუკა ფიფიაც, პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი. ტვ პირველის ცნობით, გამოცხადდა, რომ საქართველო რუსეთის მეგობართა კლუბს შეუერთდა. ეს პროკრემლისტური პარტია რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ლობირებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე კომენტირებისას, კლიმოვმა, ტვ პირველის ციტატის მიხედვით, განაცხადა: “ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს გადასაწყვეტი. იმისთვის, რომ გახდე კუხოს წევრი, პირველ რიგში, უნდა გქონდეს ამის სურვილი. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ეს არის ღია სისტემა და ყველა ქვეყანას, რომელიც მზად იქნება მისი წესებით იცხოვროს, უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის იმედი. ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაა, ევრაზიის კონტინენტზე იყოს უსაფრთხოების საერთო სისტემა. საქართველო არის ევრაზიის კონტინენტის ქვეყანა, მას ეს შეუძლია. შესაძლოა ,იყოს ამისკენ სწრაფვა, ჩვენს სხვა მეზობლებს ამ თემის მიმართ უკვე აქვთ გაგება, ინდოეთს, ჩინეთს და სხვები, მთავარია, არ დააგვიანოთ.”

“რუსეთის მეგობრების კლუბი” 2023 წლის თებერვალში, პარტია “ერთიანი რუსეთის” მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. პარტია “ერთიანი რუსეთის” ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, “რუსეთის მეგობრების კლუბი” შეიქმნა “ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის,” როგორც “არაფორმალური საერთაშორისო პლატფორმა შესაბამისი ინტერნეტ პლატფორმით მათთვის, ვისაც არ სურს დაკარგოს კავშირი რუსულ სამყაროსთან.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button