skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

„ოცნება“ რეპრესიებზე საუბრობს, ოპონენტების დაშინების კამპანია გრძელდება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ოპონენტების წინააღმდეგ ორკესტრირებული დაშინების კამპანია 31 მაისს განახლდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო. ამჯერად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მალავენ კამპანიაში მონაწილეობას. პირიქით, ღიად აანონსებენ რეპრესიებს და პოტენციური სამიზნეების სიებსაც კი აზიარებენ.

მუქარის შემცველი ზარები

რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მათ კვლავ მიიღეს მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას და მის გარშემო ათობით ადამიანს, მათ შორის მისი ოჯახის წევრებს შუაღამისას დაურეკეს. ბოკუჩავას თქმით, ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ყველას შემოუვიდა კონკრეტული ნომრებიდან ზარები იმაზე მიუთითებს, რომ  სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული და რომ ზარის განმახორციელებლებმა უკანონოდ მოიპოვეს პერსონალური ინფორმაცია, რის გასაჩივრებასაც იგი სასამართლოში, ასევე მობილურ ოპერატორებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აპირებს.

იგივე შეემთხვა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ანი წითლიძის დედას, ასევე „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის დედას. ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრის, თათა ხუნდაძის დედასაც დაურეკეს, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა მის ქალიშვილს აგინა და გააფრთხილა, რომ შვილიშვილს გაუფრთხილდეს. მუქარის ზარები ასევე განხორციელდა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოჯახის წევრებთან.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია იტყობინება, რომ მისმა შვილმა მუქარის შემცველი ზარი მიიღო, რა დროსაც უცნობმა ქალმა მას უთხრა, რომ „დედა ქვეყნის მოღალატეა“.

კერძო საკუთრების დაზიანება

31 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების ოფისების კედლები კვლავ უხამსი წარწერებით დაიფარა, სადაც იქ მომუშავე ადამიანებს „უცხოელ აგენტებად“ მოიხსენიებდნენ.

31 მაისისა და 1 ივნისის ღამეს, დაახლოებით დილის 2:30 საათზე, 30-40 ე.წ. „ტიტუშკამ“ ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბია. პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ფეისბუქის ლაივში დანგრეული ოფისის ვიდეო გაავრცელა. ღამის დაცვას რამდენჯერმე მოუწია ჰაერში გასროლა, რათა თავდამსხმელები შეეშინებინა. ხაბეიშვილის თქმით, მამაკაცები პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკრულები იყვნენ.

ენმ-ის დაზიანებული ოფისი

პროპაგანდისტული ტელევიზიის მონაწილეობა დაშინების კამპანიაში

სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ვიტალი გუგუჩიას სახლში მივიდა. ეს უკანასკნელი სოფელში ნათესავის დაკრძალვას ესწრებოდა. რამდენიმე დღით ადრე სწორედ გუგუჩია შეხვდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს. შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორც უხსნის გუგუჩია დეპუტატს, თუ რატომ არის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი „რუსული კანონი“. გუგუჩია სახელისუფლებო მედიის მხრიდან ინტენსიური ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე გახდა, რომელიც მას ნაციონალური მოძრაობის მითითებით მოქმედებაში ადანაშაულებდა. ბრალდებები POSTV-ის ჟურნალისტმა გაიმეორა, რასაც გუგუჩიასა და ტელეკომპანიის ოპერატორს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოყვა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

რეპრესიების დაანონსება

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად დააანონსეს, რომ დაშინების კამპანიას აორგანიზებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“, 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ მას სპეციალური „სიები“ აქვს, თუ ვინ უნდა ცემოს სპეცრაზმმა. „მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს… სია გვაქვს, ეხლა გაჩვენებთ ცოტა ხანში, გადი, ნუ იღებ“, – მიმართა მან ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი (დიტო) სამხარაძემ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი აქციის მონაწილეთა ოფისების კედლებზე წარწერებს ტოვებს. სამხარაძე წერს: „ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და  ხარისხიანს დაგიბრუნებთ…  ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“

მან სავარაუდო სამიზნეების სიაც გამოაქვეყნა, რომელთა შორის არიან არასამთავრობოები: ,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი პრაიდი, საფარი, მოძრაობა ,,ნაბიჯი, მოძრაობა ,,სირცხვილია’’, სასამართლოს გუშაგი, მთის ამბები, სტუდია მონიტორი, მოძრაობა ,,ტალღა“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი’ (სოროსის ფონდი), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – ბათუმი, მწვანე სექტორი- ბათუმი, ასევე ოპოზიციური პარტიები: ლელო საქართველოსთვის, გირჩი-მეტი თავისუფლება, ,გირჩი – დროა’, „ლელო საქართველო’’ – ახალგაზრდული, ,,ნაციონალური მოძრაობა’’- ცენტრალური ოფისი, ახალი- გვარამია მელია, ,ენმ’’- ბათუმი, ლელო- ბათუმი და ,,ახალი’’- ბათუმი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ღიად დაუჭირეს მხარი რეპრესიებს. გურამ მაჭარაშვილმა „ხალხის ძალიდან“ უთხრა ჟურნალისტებს: „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ… მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს”.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, დავით კაჭარავამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, ეს აგრესია უპასუხოდ არ დარჩება, ნახავთ, მცირე პერიოდი გაივლის და რამდენიმე მათგანს ისეთ პასუხს გასცემენ, რომ შეიძლება საერთოდ მიიმალონ თავიანთ სახლებში“.

დაშინების კამპანიის პირველი ტალღის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

3 ივნისს, შალვა რამიშვილმა, სახელისუფლებო არხის POSTV-ის თანადამფუძნებელმა, ფიზიკური ანგარიშსწორება დააანონსა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დეპუტატებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მხარდაჭერის გამო დევნიან. „ტერორი როგორც იცით სუსტების იარაღია. ლიბერტერორი ანუ “მონა მონას” ძახილით “ფეისბუკ-დაშეიმინგება” – კიდევ უფრო სუსტების. არაფერს ხელშესახებს ეს ქმედება, რომელიც ჩვენი ერის ტრადიციებს ეწინააღმდეგება, ლიბერდებილებს არ მოუტანს. რეალური სიტყვიერ-ძალისმიერი  დაპირისპირება ამ ჰერბარიუმსა თუ ვირტუალურ ველში გამოზრდილი პლანქტონისთვის სრულიად უცხოა. შესაბამისად “ატვეტი” ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის. მტკვნეულს რომ ვამბობ არა მარტო ფიზიკურ ტკივილს ვგულისხმობ, არამედ შიშსა და თრთოლვას. გაივლის ეს “კამპანია” და ლიბერდებილები უფრო ჩაიქიმებიან ( თუ ამაზე მეტი ჩაქიმვა შესაძლებელია)“, – წერს შალვა რამიშვილი.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ 3 ივნისს განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის შეუსრულებლობა გამოიწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას, მათი აქტივების გაყინვას და, საბოლოოდ, საქმიანობის შეწყვეტას. „თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას“, – განაცხადა კალაძემ.

შენიშვნა: მასალა განახლდა 3 ივნისს 14:00 საათზე და 15:00 საათზე და მას, შესაბამისად, რამიშვილის და კალაძის განცხადებები დაემატა.  

მსგავსი/Related

Back to top button