
სუს-მა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დეტონატორიანი ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც 4 ოქტომბრის არეულობის დროს „დივერსიული აქტები“ უნდა განხორციელებულიყო. უწყების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფის მითითებით“ განხორციელდა.
სუს-ის ინფორმაციით, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში. უწყებამ განაცხადა, რომ თბილისში, 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“, – აღნიშნა სუს-მა და დასძინა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემა ბ.ჭ., და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. „ინტენსიურად ტარდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
This post is also available in: English