skip to content
ახალი ამბები

სსფ “ძლიერი გარე შოკების” პირობებში საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს

  • ‘ეროვნული ბანკი კარგად მუშაობს’;
  • ‘პოლიტიკური თავდასხმები ეროვნულ ბანკზე არ არის საუკეთესო გზა წინსვლისთვის’;
  • ‘მშპ–ს ზრდამ შესაძლოა 2%–ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია’;
  • მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა გაზარდოს;
  • ‘მთავრობას მოუწევს ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდა, ან სულაც ორივე’;
  • ‘სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობა’;
  • ‘საქართველოს გააჩნია კარგი წინაპირობები არსებული გამოწვევების დასაძლევად’;
  • ‘დააჩქარეთ რეფორმები და შეარბილეთ ბოლოდროინდელი შეზღუდვები უცხოურ ბიზნესზე’.

საქართველოს ეკონომიკა, რაზეც „ძლიერმა გარე შოკებმა“ იქონია გავლენა, წელს მხოლოდ 2%–ით გაიზრდება, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელიც ქვეყანას 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა.

მთავრობამ, რომელმაც 5%–იანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა, დაახლოებით, სამი თვის წინ, განაცხადა, რომ 2%–მდე შეამცირებს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. იანვარში მშპ–ს ზრდამ მხოლოდ 0.5% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უკრაინის კრიზისმა, რუსეთში რეცესიის გაღრმავებამ და რეგიონში საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტათა დევალვაციამ ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება გამოიწვია, რასაც შედეგად მოყვა გარე წყარეობიდან შემოსავლების შემცირება და ლარის გაუფასურება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.

მართალია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი 6.8%–ით გამყარდა და 2.1078 შეადგინა აშშ დოლართან მიმართებაში, ის უფრო სუსტია ვიდრე ნოემბერის დასაწყისში როდესაც კურსი 1.7542–ს შეარგენდა. 25–26 თებერვალს ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია და ნოემბრის დასაწყისიდან საკუთარი ღირებულების 29% დაკარგა  აშშ დოლართან მიმართებაში.

ქართული ექსპორტი იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30%–ით შემცირდა, ხოლო ფულადმა გზავნილებმა იმავე თვეში 23%–ით იკლო. ტურისტების რაოდენობა საქართველოში იანვარ–თებერვალში 7.8%–ით ნაკლები იყო, ვიდრე იმავე პერიოდში ერთი წლის წინ. 2014 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაიზარდა და მშპ–ს დაახლოებით 9.5% შეადგინა.

მართალია წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 1.3% შეადგინა და ეს ბევრად ნაკლებია ეროვნული ბანკის 5%–იან პროგნოზზე, მაგრამ ის ლარის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, გაიზრდება, განაცხადა სსფ–მა.

შეაქო რა მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის მშპ–ის 3%–ზე შენარჩუნებისთვის 2014 წელს, რაც სსფ–თან პროგრამით განსაზღვრულ ნიშნულზე ნაკლებია, მისიამ ასევე განაცხადა, რომ 2015 წლისთვის მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს რათა საბიუჯეტო დეფიციტი გააკონტროლოს და არ გაიზარდოს, რადგანაც წელს, ეკონომიკის ზრდის შენელების გამო, საგადასახადო შემოსავლები იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ეს არსებული ბიუჯეტით არის პროგნოზირებული.

„ამ მიმართულებით მთავრობამ საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგა: საჯარო მოხელეების პრემიები შეამცირა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვისკენ მიმართული ძალისხმება განახორციელა“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

მთავრობამ განაცხადა, რომ ის შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და ბიუჯეტს გადახედავს, თუმცა დეტალური გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია.

სსფ–ს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა თბილისში 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის შესაკავებლად მთავრობას მოუწევს ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდა, ან ორივე ერთად.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა გაიზარდოს; ამიტომ ეს უნდა შევზღუდოთ. ვიცი, რომ საუკეთესო დრო არ არის გადასახადების გასაზრდელად, მაგრამ მთავრობამ უნდა აირჩიოს რომელი გადასახადები გაზარდოს, ან რომელი ხარჯები შეამციროს… ეს რთული არჩევანია მათთვის, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მან.

მისიამ აღნიშნა განცხადებაში, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და „დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურად შეჭირვებულთა და უპოვართა დაცვის მიზნით“.  

„მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის, რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფონზე, საქართველოს გააჩნია კარგი წინაპირობები ამჟამინდელი გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა მისიამ.

„მოველით იმ გეგმების ხილვას, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს, რათა საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესის განხორციელებისთვის, ინვესტირებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მომავალში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. ამ კონტექსტში გათვალისწინებული უნდა იქნას უცხოურ ბიზნესზე ბოლოდროინდელი შეზღუდვების შერბილება, კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დანაზოგების ხელშეწყობა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირების გზით, საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესება“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

სსფ ‘სრულად უჭერს მხარს’ ეროვნული ბანკის პოლიტიკას
 
საერთაშორისო სავალუტოფონდის მისია „სრულად უჭერს მხარს“ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს „სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას“.  

26 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“. მისი თქმით, ეროვნული ბანკი საკმარისად არ ჩაერია, რათა ლარის დაცემა შეეჩერებინა საკუთარი რეზერვებიდან მეტი აშშ დოლარის გაყიდვის გზით. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, მთავრობის ზოგიერთმა წევრმა და კოალიცია ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა ეროვნული ბანკი.  

სსფ–ს მისიამ განაცხადა, რომ „გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები საქართველოს სავალუტო რეზერვებს უშედეგო ხარჯვა იქნებოდა, რაც შეანელებს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის კლებას“.

იანვრის ბოლოს ეროვნული ბანკის რეზერვებმა 2.61 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 24 თებერვლის მდგომარეობით, რეზერვებიდან 120 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ურთიერთბრალდებები და აქცენტი გამოსავლის ძიებაზე გაკეთდეს“.

„მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა; ეროვნული ბანკი კარგად მუშაობს“, – განაცხადა მან, „მიმაჩნია, რომ პოლიტიკური თავდასხმები არ არის საუკეთესო გზა წინსვლისთვის ამ რთულ მომენტში“.

სსფ–ის მისიამ აღნიშნა განცხადებაში, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა „დაცვას და პატივისცემას საჭიროებს, რათა მან თავისუფლად განახორციელოს მისი ძირითადი ამოცანა – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სექტორის სიჯანსაღე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გრძელვადიან, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას“.

„საქართელოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა ითანამშრომლონ ურთიერთვალდებულებათა პატივისცემის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში და ახალი გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა მისიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button