skip to content
ახალი ამბები

მასშტაბური ამნისტიის შედეგად 8 300–ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა

14 მარტის მდგომარეობით, სულ 8 339 პატიმარი გათავისუფლდა იმ ფართო ამნისტიის შედეგად, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა, განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ პარასკევს.

ამნისტიის ძირითადი ფაზა 13 მარტს დასრულდა და ახლა ამნისტია შესაძლოა იმ 800 პატიმარს შეეხოს, რომლებიც თაღლითობისთვის არიან გასამართლებული.

თუმცა, ასეთი პატიმრები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ ციხეების დატოვებას, თუ მათ მიერ დაზარალებულები ამაზე თანხმობას განაცხადებენ. სასამართლოებს ამნისტიის აქტის ამოქმედებიდან ოთხი თვე აქვთ ასეთი საქმეების გადასახედად.

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ნახევარზე მეტად შემცირდა ძირითადად ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, შარშან იანვარში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა 24 079-ს შეადგენდა.

ამნისტია ასევე შეეხო პირობითი სასჯელის მქონე 12 700–ზე მეტ პირს; 8 260 ადამიანზე მეტს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდა. 

ამნისტიის აქტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო, თუმცა ის ძალაში იანვრის შუა რიცხვებში  მას შემდეგ შევიდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button