skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმება რუსეთ–საქართველოს პირდაპირ მოლაპარაკებებს

ბრიუსელში 18 დეკემბერს საქართველოსთან თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის „მიესალმა საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის პირველ პირდაპირ მოლაპარაკებებს“ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.

შეხვედრის თავმჯდომარეები იყვნენ ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკუ-მარკულისი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი წარმოადგენდნენ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ფულემ განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების საკითხი თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე იქნა განხილული.

„ის, რაც საქართველოს დელეგაციამ გაიგო ჩვენგან, იყო მხარდაჭერა ამ მოლაპარაკებების მიმართ“, – განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ ქართულ–რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება ევროკავშირის ინტერესშიც შედის.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გასულ კვირას შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პირველი პირდაპირი დიალოგი გაიმართა. ორმა დიპლომატმა განაცხადა, რომ პირველ შეხვედრაზე ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირველი პირდაპირი დიალოგის ფორმატზე იმსჯელეს.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართა მის და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის.    

ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირი ასევე მიესალმა „იმ ფაქტს, რომ საქართველომ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ სეპარატისტული რეგიონების მიმართ მოქნილი მიდგომის ჩამოყალიბების თაობაზე“. 

„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და  თავისი ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევის მიმართ, მათ შორის  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარეობის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, – განაცხადა ევროკავშირმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button