
სააკაშვილი მერაბიშვილის პრემიერობას ‘ახალ დასაწყისს’ უწოდებს
30 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ პრემიერ–მინისტრად გავლენიანი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაასახელა და ამ დანიშვნას „ძალიან მნიშვნელოვანი“ და „ახალი დასაწყისის მანიშნებელი“ უწოდა.
მთავრობაში ეს ცვლილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო გადაადგილებაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე განხორციელდა. სააკაშვილის თქმით, ეს არჩევნები „განაპირობებს ქვეყნის განვითარებას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.“
მერაბიშვილის გაპრემიერება იქნება პირველი შემთხვევა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ინიშნება.
„განცხადება, რომელსაც ახლა გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, ამავდროულად არის ახალი დასაწყისის მანიშნებელი", – განაცხადა სააკშვილმა, „დღეს, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს და ის წარმოადგენს ახალ სამთავრობო პროგრამას უკვე ორშაბათს პარლამენტში დასამტკიცებლად და ასევე მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.“
„ვანო არის ის კაცი, რომელმაც, ყველა ჩვენგანთან ერთად შეძლო კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. მე დარწმუნებული ვარ, ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც – უმუშევრობას", – დასძინა მან.
მერაბიშვილის თქმით, ახალ თანამდებობაზე მისი მთავარი პრიორიტეტები იქნება: უმუშევრობის დაძლევა, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა.
„ჩვენი გეგმა სწორედ ამ მთავარ პრინციპებს დაეყრდნობა იმიტომ, რომ საქართველოს მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს საშუალება მიიღოს შესაბამისი ჯანდაცვა და ქართულ სოფელს განვითარება სჭირდება", – განაცხადა მან
„ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული – მეტი სარგებელი ხალხს. დადგა დრო საქართველოში, რომ ჩვენი განვითარების, ჩვენი მოდერნიზაციის, ყველა იმ მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა", – აღნიშნა მერაბიშვილმა.
კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ დროისთვის არსებული მთავრობა, პრემიერ მინისტრითურთ, უნდა გადადგეს და პრეზიდენტმა ახლად არჩეულ პარლამენტს ახალი, ან მთავრობის იგივე შემადგენლობა, უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც საგრძნობლად ზრდის პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებებს, ძალაში 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.
ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სააპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დაინიშნება. ისევე როგორც მისი წინამორბედების უმრავლესობა (ზურაბ ჟვანიას გარდა), გილაურიც ტექნოკრატი პრემიერ–მინისტრი იყო.
ზოგიერთი მიმომხილველის აზრით პოლიტიკურად გავლენიანი ფიგურის პრემიერად დანიშვნა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ სააკაშვილი არ ეცდება 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერის რანგში დარჩენას. თუმცა ზოგიერთი კომენტატორი ამ ცვლილებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში უფრო განიხილავს და უფრო შორს მიმავალი, მათ შორის სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდგომი გეგმების შესახებ, დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მერაბიშვილს ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტია. სამინისტროში თავმოყრილია მრავალი ძალოვანი სტრუქტურა პოლიციის, უშიშროების, დაზვერვის და საზღვრის დაცვის სამსახურების ჩათვლით.