
რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის სამგზავრო გემებმა დაიწყეს მიმოსვლა
რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის 17 აგვისტოს სამგზავრო გემების რეგულარული მიმოსვლა დაიწყო, იტყობინებიან "რია ნოსვოსტი“ და "ინტერფაქსი“.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპირო დაცვის ცნობით, სოჭის პორტ "ადლერიდან“ გემები 150 მგზავრის ტევადობით ყოველდღიურად იმოძავებენ აფხაზეთის მიმართულებით – ეს იქნება უკვე მოქმედი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლების ალტერნატიული მარშრუტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გამოხატავს პროტესტს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ ქმედებით არღვევს მთელ რიგ საერთაშორისო და ორმხრივ შეთანხმებებს, ასევე საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
“რუსეთის მსგავსი ქმედება წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის აშკარა გამოწვევას და იმის მორიგ, ნათელ დემონსტრირებას, რომ რუსეთი არ თვლის სავალდებულოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობაში მიღებული ქცევის წესების დაცვას,“– ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო ზომების მიღებისკენ.