ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება – ოპოზიციის ლიდერები

არჩევნებში გამარჯვებული არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტის პირველ სხდომას არ  დაესწრება. ამის შესახებ დღეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ლეიბორიტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. თუმცა ლიდერებმა არ დააკონკრეტეს შემგომში თუ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში და აღნიშნეს, რომ ეს შემდგომი კონსულტაციების თემაა.

დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ ასევე ძალაში რჩება 8 ივნისს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამართვა  პარლამენტის შენობის წინ. ლიდერების განცხადებით, ეს იქნება ”მშვიდობიანი” აქცია.
 
ორსაათიან დახურულ კარსმიღმა გამართულ შეხვედრას ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის გარდა, რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, ასევე კონსერვატორების, რესპუბლიკელების  და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები, კახა კუკავა, დავით უსუფასვილი და გიორგი თარაგამაძე, ესწრებოდნენ.   
 
”ამაზე არის სრული თანხმობა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება ერთი პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] მონაწილეობით. ეს იქნება ერთპატიული საბჭოთა პარლამენტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ კახა კუკავამ.  ”არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი და არც ერთი ოპოზიციური პარტია მასში მონაწილეობას არ მიიღებს”.

”პირველ სესიაზე არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შედის… შემდეგ ხვალ ზეგ დავილაპარაკებთ”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

”შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებლად კოორდინირებულად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ. ”ფაქტი ერთია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას ჩვენი პარტიების წარმომადგენლები და არც სხვა პარტიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან”. 

კახა კუკავას განცხადებით, შემგომი კონსულტაციები უკვე შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ”საუბარი არის ახალი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ უნდა გაიმართოს არა პარლამენტის მეორე სხდომა, არამედ ხელახალი არჩევნები”.

დავით უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ისინი  ერთიანი იქნებიან და მკვეთრად დააფიქსირებენ საკუთარ მოთხოვნებს, რომელიც ”ორ-სამ თვეში მიიღწევა”, თუმცა რესპუბლიკელების ლიდერმა არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებია ეს.

”თუ ეს არ მიიღწევა მაშინ ისინი დატოვენებ პარლამენტს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ”როგორც ჩანს ეს საკითხი გადასაწყვეტი იქნება იმ პარტიების, რომლებიც ან შედიან ან არ შედიან”.

დღესვე ქარისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და რესპუბლიკელების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ 8 ივნისს რვა ოპოზიციური პარტიის და ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში.

Back to top button