skip to content
ახალი ამბები

ქართველი და რუსი დიპლომატები სამუშაო კონტაქტებზე შეთანხმდნენ

8 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და გრიგორი კარასინმა, რომელთაც სატელეფონო საუბარი გამართეს 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით, მიაღწიეს შეთანხმებას ამ საკითხზე მუდმივ სამუშაო კონტაქტში ყოფნის თაობაზე.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა მზადყოფნა რუსულ მხარესთან კონსულტაციების თაობაზე, იქნება ეს ”საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ სხვა სამუშაო ჯგუფები დონეზე”.


”მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს ინტენსიური კონსულტაციების ჩატარებისკენ. ჩვენ მზად ვართ ორმხრივად დავიწყოთ გადაუდებელი კონსულტაციები ამ თემაზე და გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი იმისათვის, რომ ასეთ ინციდენტებს, ასეთ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი,”- განაცხადა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს.


თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. თუმცა მოსკოვი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ შესაძლოა ინციდენტი თბილისმა თავად დადგა.


გრიგორი კარასინმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მოსკოვში უკიდურესად შეშფოთებულები არიან ინციდენტით და განიხილავენ მას, როგორც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გაჩენილი პოზიტიური ტენდენციების ჩაშლის და ასევე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ირგვლივ სიტუაციის გამწვავების მცდელობას.


”დაჟინებით მოვითხოვთ, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და შედეგიანად. მზად ვართ ამ საკითხებში ურთიერთქმედებისათვის,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 8 აგვისტოს.

მსგავსი/Related

Back to top button