skip to content
ახალი ამბები

დანიელ ფრიდი: საქართველოში პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია

აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი მიესალმა იმ ”შთამბეჭდავ პროგრესს”, რომელსაც საქართველომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიაღწია, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის მიზნით.


”საქართველოში ეროვნული კონსენსუსი არსებობს ნატოში გაწევრიანების მიმართ და მას ყველანაირი უფლება აქვს შეუერთდეს ნატოს, მაგრამ ამისთვის ბევრი რამეა გასაკეთებელი. მარტო სურვილი არ კმარა. უნდა გქონდეს სურვილი და შესაძლებლობა დააკმაყოფილო ნატოს სტანდარტები,”- განაცხადა დანიელ ფრიდმა ედუარდ მაროუს ჟურნალისტთა პროგრამის მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაზე 11 აპრილს.


მისი თქმით, საქართველოს ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ აშშ არასოდეს ყოფილა არაკრიტიკული საქართველოში არსებული ხარვეზების მიმართ.


”როცა მე ჩავდივარ საქართველოში ყოველთვის ვხვდები სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას. ეს დემოკრატიის ბუნებაა, რომ მმართველი პარტიის ხელში არ არის სიმართლის მონოპოლია. ბოლშევიკები ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ სიმართლის მონოპოლია და იცით როგორც დაასრულეს მოღვაწეობა,”- განაცხადა დანიელ ფრიდმა.


მისი თქმით, საქართველო ”ვარდების რევოლუციამდე” წარუმატებელი ქვეყანა იყო, ”ახლა კი, სამ ნახევარი წლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, ენერგეტიკაში სიტუაცია, რაც ყოველ ზამთარში კატასტროფული იყო ხოლმე, წელს ბოლო წლებთან შედარებით საუკეთესო იყო. კორუფცია ბევრ სფეროში შემცირებულია”.


”სადაც უნდა იყოს და სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს 25 წლის შემდეგ, ამისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საკმაოდ ბევრი ხარვეზია, კიდევ ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი და ჩვენ ვეუბნებით მთავრობას ამის შესახებ,”- განაცხადა დანიელ ფრიდმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button