skip to content
ახალი ამბები

შსკ-ს სხდომა გადაიდო

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც 5-6 სექტემბერს ვლადიკავკაზში იგეგმებოდა, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო, განუცხადა “რია ნოვოსტის“ ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელმა შსკ-ში მურატ ტხოსტოვმა 5 სექტემბერს.


“შსკ-ს სხდომის გადადება არანაირად არ უკავშირდება [3 სექტემბერს] ქართული ვერტმფრენის ინციდენტს, არამედ გამოწვეულია სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის [ბორის ჩოჩიევის] სამუშაო გრაფიკით“, – განაცხდა ტხოსტოვმა.


აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა ვლადიკავკაზში დაგეგმილი სხდომის გადატანა მოითხოვა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ვერ შეძლებდა 5-6 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე ვლადიკავკაზში ჩასვლას, თუმცა მას ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.


“ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ცხინვალში სექტემბრის შუა რიცხვებში გამართვის საკითხს“, – განაცხადა ტხოსტოვმა.


17-18 აგვისტოს მოსკოვში გამართულ შსკ-ს სხდომაზე ქართულმა, სამხრეთ ოსურმა, რუსულმა, ჩრდილოეთ ოსურმა მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება ”საკვანძო საკითხებზე” და შედეგად გადაწყდა, რომ სხდომის მეორე რაუნდი ვლადიკავკაზში 5-6 სექტემბერს გაიმართებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button