skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი გმობს რუსი მაღალჩინოსნების დაკავებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ 15 ივლისს რუსი მაღალჩინოსნების დაკავება და მას პროვოკაცია უწოდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებას ისახავდა მიზნად.


რუსეთის საგარეო უწყებამ 14 ივლისის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ 15 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციამ იარაღის მუქარით კვლავ გააჩერა რუსეთის საელჩოს მანქანა და გაჩხრიკა მგზავრები – შსკ-ში რუსეთის მხარის წარმომადგენელი იურო პოპოვი და რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე  ვალერი ევნევიჩი, ასევე თბილისში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. საქართველოს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის ოფიციალურ პირებს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


მანქანა ცხინვალიდან თბილისში მოდიოდა, როდესაც ის ქართველმა სამართალდამცავებმა გორის მახლობლად გააჩერეს. ქართულმა მხარემ ეს ქმედება ჩვეულებრივი შემოწმების მოტივით ახსნა.


“როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და აგრძელებს პროვოკაციებს რუსი დიპლომატების და სამშვიდობოების წინააღმდეგ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე დიდი რვიანის სამიტის პარალელურად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 16 ივლისს.


“ჩვენ ამ პროვოკაციას [რუსეთის საელჩოს მანქანის გაჩერებას] მივიჩნევთ, როგორც მცდელობას რეგიონში დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.    


სამინისტრო კიდევ ერთხელ იმეორებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობაში არსებულმა “ომის პარტიამ“ წარმატებას მიაღწია ამ პროვოკაციის გზით, რადგანაც შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ჩაიშალა. სხდომა 17-18 ივლისს თბილისში იგეგმებოდა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button