skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: დიდი რვიანის სამიტზე საქართველოს საკითხი განიხილება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 ივნისს ტელეკომპანია “იმედის“ საკვირაო გადაცემა “დროება“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს დიდი რვიანის სამიტზე, რომელიც 15–17 ივლისს სანკტ–პეტერბურგში იგეგმება, “აუცილებლად“ განიხილავენ.


“ეს არის წინასწარ შეტანილი დღის წესრიგში. საქართველოს საკითხი არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ეს არის საკითხი თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის მიმართ სამართლიანი მოპყრობისა, ეს არის საკითხი ძველი საბჭოთა მემკვიდრეობიდან მიღებული კონფლიქტების სამართლიანი მოგვარებისა, ეს არის საკითხი ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მდებარეობასთან, ჩვენი რეგიონის ენერგორესურსებთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო სამიტის წინ გეგმავს “ინტენსიურ“ და “სერიოზულ“ კონსულტაციებს არა მხოლოდ რუსეთთან, რომელთანაც “ჩვენ უკვე გვქონდა ძალიან შინაარსიანი და ვრცელი საუბარი”, არამედ დიდი რვიანის სხვა ქვეყნებთანაც.


“ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ვიზიტებს და კონსულტაციებს და არა მხოლოდ ჩემ [პრეზიდენტების] დონეზე, არამედ ყველა დონეზე  – საგარეო საქმეთა მინისტრის, საელჩოების, პარლამენტარების და ყველა სხვა დონეზე.  ჩვენი ხმა იქნება კარგად წარმოდგენილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button