
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5–დღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც შეხვდება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და მთავრობის წევრებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 3 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი მიუნჰენის 42-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სადაც იგი ამერიკის თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს და ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ვიქტორია ნულანდს შეხვდება.
4 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან პიერ ლელუშთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, ასევე სენატორებთან ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 5 თებერვალს დაბრუნდება.