skip to content
ახალი ამბები

შამბა გალის რაიონზე და დევნილებზე საუბრობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 10 იანვარს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები არ შეექმნებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უარს იტყვიან აფხაზური პასპორტების აღებაზე.


“უბრალოდ მათ ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ, თუ აფხაზურ პასპორტებზე უარს იტყვიან, რადგანაც ხმის მიცემის დროს პირადობის მოწმობის წარდგენაა საჭირო, ჩვენს შემთხვევაში კი ეს [პირადობის მოწმობა] არის ჩვენი შიდა პასპორტი“, – განაცხადა შამბამ.


მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ქართული პატრიზანული ჯგუფები დაიშალა.


“თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში გალში დაძაბულობის ესკალაცია შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ ეს უკავშირდება ქართული მხარის მოთხოვნას კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის და გაეროს სამოქალაქო პოლიციის თაობაზე [გალის რაიონში]“, – განაცხადა შამბამ.


მან ასევე გააკეთა კომენტარი ქართველ დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე და აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ამ კუთხით სიფრთხილეს იჩენს.


“საქართველოსთვის ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი არ არის, ამ პრობლემას თბილისისთვის პოლიტიკური ასპექტი გააჩნია. ასევეა ჩვენთვისაც, რადგანაც ნათელია, რომ დემოგრაფიული ცვლილებები პოლიტიკურ ცვლილებებსაც გამოიწვევს“, – დასძინა მან.


“არსებულ ვითარებაში აფხაზეთის სხვა ნაწილებში დევნილთა დაბრუნება ძალადობის განახლებას, ეთნიკურ კონფლიქტებს და შედეგად ქართულ-აფხაზურ ომს გამოიწვევს“, – დასძინა შამბამ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button