
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს
სამხედრო პოლიციამ 22 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლკივნიკი მამუკა ლომსაძე, ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი დავით ნატროშვილი და მისი მოადგილე ბესარიონ ბუკვაიძე სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დააკავა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უვარგისი სამხედრო ტექნიკის შემოტანა. კერძოდ, მათ 2004 წელს უკრაინაში შეისყიდეს დაახლოებით 40 ერთეული ბმპ-2-ის ტიპის ჯავშანტექნიკა; აქედან 38 უკვე შესყიდვის მომენტში მწყობრიდან იყო გამოსული. 23 სექტემბერს სასამართლომ სამივე ყოფილ მაღალჩინოსანს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ის ფაქტი, რომ ჯავშანტექნიკა მწყობრიდან იყო გამოსული, ივლისში ორფოლოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული ერთთვიანი სამხედრო წვრთნების კოდური სახელწოდებით “ჯავშანი-2005” დროს გამოვლინდა. ეს აღმოჩენა შესყიდვიდან რამდენიმე თვეში გაკეთდა.
პროკურატურის განცხადებით, სამივე პიროვნება უმოქმედი მანქანების შეძენაზეა პასუხისმგებელი, რამაც ბიუჯეტს 595,000 ლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.
თუმცა, დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ. “ეს არის შეთითხნილი საქმე”,– განაცხადა მამუკა კომსაძემ სასამართლოში 23 სექტემბერს.
ზოგი სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჯავშანტექნიკის მწობრიდან გამოსვლის მიზეზი შესაძლოა მისი არასწორი გამოყენება იყოს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნული პიროვნებები ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლა თანამდებობიდან.