ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი რუსებისთვის ჩამოერთმეული იარაღის სამხრეთ ოსეთისთვის დაბრუნების წინააღმდეგია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი  წინააღმდეგია სამხრეთ ოსურ მხარეს დაუბრუნოს 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩამორთმეული რუსების კუთვნილი იარაღი.


მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის ჩამორთმეული იარაღი გადასცეს ლარსის სასზღვრო მონაკვეთზე რუსულ მხარეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახსენა თავის რუსს კოლეგას ვლადიმერ პუტინს 9 ივლისს სატელეფონო საუბრის დროს.


“ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩამოვართვით ეს რაკეტები და იარაღი რუს სამშვიდობოებს. ეხლა გვთავაზობენ, რომ ცხინვალის მიერ დატყვევებულ სამ მძევალში გავცვალოთ, მაგრამ ჩვენ იარაღს ხალხში არ ვცვლით. ჩვენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დამატებითი იარაღის შეტანას არ დავუშვებთ“, განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა.


“გუშინ [9 ივნისს] ეს იარაღი ამიერკავკასიის ჯარების შტაბში მივიტანეთ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის მიღებაზე და დაჟინებით მოითხოვეს მისი სამხრეთ ოსეთში შეტანა“,  განაცხადა პრეზიდენტმა.


კონფლიქტის ზონაში ქართველმა სამართალდამცავებმა იარაღით დატვირთული მანქანები 7 ივლისს გამთენიისას დააკავეს. ოპერაციას თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.


 

Back to top button