ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება ედუარდ კოკოითს პასუხს აგებინებს

ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პასუხს აგებინებს მძევლად აყვანილი ქართველი სამშვიდობოების შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ განცხადება, დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, მოგვიანებით კი ცხინვალის რეგიონში გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.
 
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კოკოითს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რა შეურაცხყოფაც ჩვენ ჯარისკაცებს მიაყენეს ცხინვალში”,  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში მყოფ რუს სამშვიდობოებს მოუწოდებს დაკავებული ქართველი სამშვიდობოები უმოკლეს დროში გამოიხსნას ტყვეობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგიონში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დადგება.
 
ზურაბ ჟვანია მომავალში განვითარებულ მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას იმ ქვეყანას აკისრებს, რომლის ვალია სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფა რეგიონში. 
 
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში ვითარება სტაბილურია. იგი არ ადასტურებს ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლების დატოვების შესახებ.
 
“ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ მდგომარეობა არათუ განიმუხტოს, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ყველაფერი ისე, რომ კოკოითის ხელისუფლება მოშორდეს ამ ტერიტორიას. იქ [ცხინვალის რეგიონში] ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მშვიდობას მოუტანენ, როგორც ოს, ისე ქართველ ხალხს“ , აცხადებს შსს მინისტრი.

Back to top button