skip to content
ახალი ამბები

ბორის გრიზლოვი საქართველოსა და ჩეჩნეთში ტერორისტული ცენტრების შესახებ

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საინორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთის შს მინისტრმა ბორის გრიზლოვმა 7 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარიზში “დიდი შვიდეულისა და რუსეთის”  შს და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე მონაწილეები დაეთანხმნენ იმას, რომ “ჩეჩნეთში და საქართველოში არსებობენ საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრები”.

პარიზის შეხვედრაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლია სარკოზიმ განაცხადა, რომ “ალ-ქაედას” ტერორისტული ქსელი “ღრმად დეზორგანიზებულია ავღანეთში მოქმედებების გამო, ხოლო მისმა ოპერატიულმა ცენტრებმა შესაძლოა ჩეჩნეთისა და საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლეს”.

საქართველოს უშიშროების სამინისტრო უსაფუძვლოს უწოდებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას “ალ-ქაედას” ცენტრების საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლების შესახებ.

“ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამინისტრო და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით ტერორისტული ბაზების გადაადგილება, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას 6 მაისს უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button