
ახალი ამბები
უშიშროება ინტერნეტ-დანაშაულს ებრძვის
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 ივლისი, 2002) – იუსტიციის სამინისტრომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელთა თანახმადაც ტერორისტულ აქტში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა მძიმდება. ცვლილებები კიბერ-დანაშაულის ჩამდენის დასჯასაც ითვალისწინებს. “საქართველოში ეს დანაშაულის ახალი ფორმაა. ამ სახის დანაშაულის შედეგები ქვეყნისთვის შეიძლება იგივე იყოს, როგორც ტერორისტული აქტისა”, განაცხადა მთავრობის სხდომაზე უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. ხაბურძანიას თქმით, უშიშროების სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ინტერნეტ-დანაშაულს ებრძვის.