
პოლიცია თბილისის ქუჩებში რეიდებს აწყობს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 ივლისი, 2002) – შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ბრძანებით, გუშინ საღამოს პოლიციამ თბილისის ქუჩებში ფართომასშტაბიანი რეიდები მოაწყო. შეიარაღებული პოლიციელები ჭავჭავაძის გამზირზე ყველა საეჭვო ავტომობილს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. ასეთი რეიდის მოწყობის მიზეზს სამართალდამცველები ჯერ არ ამხელენ. როგორც დღეს კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეიდის ჩატარების მიზეზი თბილისში მომრავლებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საგზაო წესების დარღვევები იყო. თუმცა დღეს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უშიშროების სამინისტროს პრესმდივანმა ნიკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ რეიდი კონტრაბანდას უკავშირდება. “ამ წუთისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით”, თქვა მან. სამართალდამცველების თქმით, რეიდისას ზოგიერთი ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი მათგანი ნარკოტიკების მოხმარებაშია ეჭვმიტანილი. როგორც ნარჩემაშვილი აცხადებს, გამორიცხული არ არის, რომ რეიდი უკანასკნელ ხანებში უცხოელების მიმართ ჩადელ დანაშაულებსაც შეეხოს. 23 ივლისს თბილისის პოლიციის შეფმა აღნიშნა, რომ ბრიტანელი პიტერ შოუს გატაცების საქმის გამოძიება უახლოეს ხანებში დასრულდებოდა. მაღალჩინიანი სამართალდამცველები ასეთ განცხადებებს 18 ივნისს შოუს გატაცების შემდეგ თითქმის ყოველ დღე აკეთებენ. ადამიანთა გატაცების, რელიგიური შეუწყნარებლობისა და არასამთავორობო ორგანიზაციათა შევიწროვების აღკვეთის უუნარო ქართველ ჩინოსნებზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. სახელმწიფო მინისტ ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრისას გერმანიის ელჩმა საქართველოში უვე შრამმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს გერმანელი დიპლომატის მკვლელობისა და ორიოდე კვირის წინ გერმანელი ბიზნესმენის გაუჩინარების ჯერ კიდევ გაუხსნელ საქმეებზე. ხოლო პიტერ შოუს საქმესთან დაკავშირებით გაეოროს წარმომადგენელი უკვე ორჯერ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.