
თევზაძე “წვრთნა და აღჭურვის” შესარჩევ წვრთნებს აკვირდება
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 ივლისი, 2002) – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს კრწანისის საწვთნელ ბაზაზე გაემგზავრა, სადაც საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 600-მდე ქართველი სამხედრო იმყოფება. ერთი თვის მანძილზე სამხედროთაგან შეირჩევა 400 საუკეთესო, რომლებიც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ კომანდო ბატალიონს დააკომპლექტებენ და საველე წვრთნებს გაივლიან. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მესამე ფაზა აგვისტოს მიწურულს იწყება. მთლიანად მესამე ფაზის მსვლელობისას ამერიკელი ინსტრუქტორები ოთხ ქართულ ბატალიონს გაწვრთნიან და თითოეულ მათგანს ოთხ თვეს დაუთმობენ. პირველი სწრაფი რეაგირების კომანდო ბატალიონი იქნება, რომლის კონტინგენტი ასეულის და ოცეულის დონეზე მოქმედებებისთვის, ასევე საჰაერო დავალებათა შესრულებისთვის გაიწვთნება.