ახალი ამბები

კოფი ანანი აფხაზურ მხარეს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 ივლისი, 2002) – გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მოუწოდებს აფხაზურ მხარეს დათანხმდეს უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის განხილვას და კონფლიქტის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებების დაწყების შანსი გამოიყენოს, რაც ეთნიკური აფხაზი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტი იქნება.

18 ივლისს გაეროს გენერალურმა მდივანმა აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს.

განცხადებაში რეკომენდირებულია, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქართველოში ყოფნის მანდატი 2003 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდეს, ვინაიდან ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად “სამწუხაროდ”  პროგრესი არ იგრძნობა.

აფხაზური მხარე ეწინააღმდეგება “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” დოკუმენტის განხილვას.

დოკუმენტის შინაარსი ჯერჯერობით კონფიდენციალურია, თუმცა ქართველი სახელმწიფო მოხელეების თქმით, ის აფაზეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს.

Back to top button