
პარლამენტი აფხაზეთის საკითხს განიხილავს
(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა აფხაზეთის სტატუსის საკითხი უნდა განიხილოს. პარლამენტი აგრეთვე იმსჯელებს რუსი სამშვიდობოებისათვის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე, რომლებიც დსთ-ის მანდატით მოქმედებენ. რუსი სამშვიდობოების მანდატი 30 ივნისს იწურება.
20 ივნისს აშშ-ის სახემლწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა მოუწოდებს ქართულ მხარეს, რათა რუს სამშვიდობოებს მანდატი გაუგრძელონ.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებას ულტიმატუმი უწოდა. მისი თქმით, გაურკვეველია, რას ემსახურება ეს განცხადება.
თავდაცვისა და უშიშროების ყოფილი თავმჯდომარის, ფრაქცია ‘გაერთიანებული დემოკრატების’ ლიდერის გიორგი ბარამიძის აზრით, აშშ-ს სურს, რომ კონფლიქტი არ განახლდეს. რუსი სამშვიდობოების გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს, რაც ამერიკისა და საქართველოს ინტერესებს ავნებს.
კვორუმის არარსებობის გამო ჯერ-ჯერობით პარლამენტის სხდომა არ დაწყებულა. სხდომა საათნახევრით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტართა დიდი ნაწილი ინგლისისა და ბრაზილიის მატჩს უყურებს.