
იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 10 ნოემბრის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
კობახიძის კიდევ ერთი ბრძანებით, გიორგი სახოკია „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ახალ მოადგილედ დაინიშნა.
43 წლის ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 15 მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში იკავებდა. 2017 წლიდან ის თბილისის ვიცე-მერი იყო. მისი კარიერა საჯარო სექტორში 2008 წელს დაიწყო.
„სტუდიო მონიტორის“ 2024 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ირაკლი ხმალაძემ მაღალი ღირებულების ქონება არ დაადეკლარირა. მის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან 2025 წლის მაისში თბილისის ვიცე-მერის რანგში წარადგინა, დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონება არ არის მითითებული და მხოლოდ 30 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ერთი ავტომობილი და ორი მოტოციკლია დეკლარირებული.
გიორგი ბუთხუზი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. წლის დასაწყისში, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნები „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
გიორგი ბუთხუზის შემცვლელი, ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია, შსს-ს აკადემიის რექტორისა და თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორის თანამდებობებს იკავებდა.
This post is also available in: English