ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე „მდიდარ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს

30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 50-ზე მეტი „მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაცია გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებას „ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია“. კობახიძის თქმით, მათი განცხადება არის აშშ-ის ახალი ელჩის ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის მიზანიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში „არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა“.

50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადება ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის „აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები“.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებისგან გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სანქცირებულ პირთა ბრალეულობას დაადასტურებდა, თუმცა ასეთი მტკიცებულებები ვერ მიიღო. „აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში, არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ამ კონტექსტში, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ წარსულშიც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც „მდიდარი ენჯეოების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უხერხულობები ექმნებოდა“. ამის მაგალითად, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებული „სკანდალი“ მოიყვანა, რომლითაც, მისი თქმით, „ერთ-ერთმა მდიდარმა ენჯეომ უმძიმესი უხერხულობა შექმნა“.

კობახიძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის საქართველოში ჩამოსვლაც ახსენა, ვისთანაც  ხელისუფლების წარმომადგენლებმა „უკვე გამართეს ძალზე პროდუქტიული შეხვედრები“. კობახიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს „ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება“. მან განაცხადა, რომ „ამ ვითარებაში, მდიდარი ენჯეოების განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არასამთავრობოების განცხადების გამოქვეყნების დროც გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. „ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება“, – აღნიშნა მან.

კობახიძის თქმით, „მდიდარი ენჯეოები ემსახურებიან „გლობალურ ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button