skip to content
ახალი ამბები

სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა

ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, იგივე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მან ამ პოსტზე ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ჩაანაცვლა.

„ჩემთვის პატივია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელება. ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის კარგია შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წელია ჰელსინკის კომისია მსოფლიოს მასშტაბით იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს დემოკრატიას და ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას“, – განაცხადა სენატორმა უიკერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია“, და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის „ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, და ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება“.

ჰელსინკის კომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სენატორი უიკერი თავმჯდომარის თანამდებობას „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში“ იკავებს, რადგან რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ სახმელეთო ომს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. „იმავდროულად, საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატია გზაგასაყარზეა, რადგან „ქართული ოცნება“ ქვეყნის რუსეთისკენ წათრევას ცდილობს და მის მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს”, — ნათქვამია პრესრელიზში.

როჯერ უიკერი 2009 წლიდან აშშ-ს ჰელსინკის კომისიაში მუშაობდა, სადაც ის მუდმივად ემხრობოდა დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეუთოს რეგიონში, ნათქვამია პრესრელიზში. 2017-2024 წლებში იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2014 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივლისამდე სენატორი უიკერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ამჟამად, სენატორი უიკერი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა და აშშ-ის სავაჭრო საზღვაო აკადემიის კონგრესის ვიზიტორთა საბჭოს წევრია. იგი ასევე იყო სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და რანგის წევრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button