skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ სენატორ ვიკერის მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 25 იანვარს ამერიკელი სენატორის როჯერ ვიკერის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის 19 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

„როგორც საქართველოს რესპუბლიკის ძლიერ მოკავშირეს, მიხარია, რომ ვხედავ ყველა იმ მიღწევას და წინსვლას, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ ბოლო 16 წლის მანძილზე მიაღწია“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის შემდეგ, კონკრეტულმა ქმედებებმა, რომლებიც ინსტიტუციების გაძლიერებას ისახავს მიზნად, მათ შორის, სასამართლო რეფორმის რამდენიმე რაუნდმა და ენერგიულმა და ჩართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ [საქართველო] ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცია“.

„ვიცი, რომ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში შემდგომი დემოკრატიული წარმატებების შესახებ. სწორედ ამიტომ გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო“, – წერს სენატორი და ხაზს უსვამს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების თაობაზე მიცემული დაპირების შეუსრულებლობას, რომელიც 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

„ეს საარჩევნო ცვლილებები ქვეყნის შიგნით ფართო მხარდაჭერით სარგებლობს და დემოკრატიის საერთაშორისო მხარდამჭერებიც მას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიის გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ვიკერმა და ხაზი გაუსვა, რომ, „სამწუხაროდ, ცვლილებების მოულოდნელმა ჩავარდნამ უკვე გამოიწვია საზოგადოების ნდობის შელახვა მომავალი წლის არჩევნების სანდოობისადმი“.

ამერიკელმა სენატორმა შეშფოთება გამოთქვა, რომ „სისხლის სამართლებრივი დევნის ბოლოდროინდელი სიჭარბე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული“. მან ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლითაც ის ოპოზიციას პატიმრობით ემუქრება, აღრმავებს შეშფოთებას სასამართლო საქმეების დროისა და პირობების შესახებ ცნობილი ოპოზიციური ლიდერების გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას წინააღმდეგ“.

სენატორი ვიკერი უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „გასულ კვირას ქართული ოცნების მიერ ცალმხრივად უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სერიოზული კითხვები მათი იურიდიული კვალიფიკაციის შესახებ, კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის“.

მისივე თქმით, „დამტკიცებული მოსამართლეების ასეთი დიდი რაოდენობა ასევე აღემატება „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ რაოდენობას, რაც საჭიროა, უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის“ – სტანდარდი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია ასახული, მოსამართლეების შერჩევის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის საკითხის მოსაგვარებლად“.

„იმ ფონზე, როდესაც არჩევნები ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში უნდა გაიმართოს, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, რომ სწრაფად მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით ისარგებლებს და უზრუნველყოფს თანაბარ წესებს ყველასთვის. თუ, მსგავსი ზომები არ იქნება მიღებული, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების მიმართ უნდობლობის მზარდმა დონემ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლო სისტემის გამჭვირვალეობას“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

„მსურს ვიხილო საქართველო, რომელიც აგრძელებს წინსვლას, როგორც თავისუფალი და აყვავებული საზოგადოება, უსაფრთხოდ, თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – თქვა მანვე და იქვე დასძინა: „თანამშრომლობის ამ სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ სერიოზულად განიხილავთ ამ შეშფოთებას და უზრუნველყოფთ სიტყვის, პრესის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რაც შესაბამისობაშია საქართველოს როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან“.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, როჯერ ვიკერი 2007 წლის დეკემბრიდან მისისიპის წარმომადგენელია აშშ-ის სენატში. ვიკერი 116-ე მოწვევის კონგრესში სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარეა. იგი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტიცაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button