
გერმანიის საელჩო: დაცული უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი
საქართველოში გერმნიის საელჩომ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს დაშინების ტაქტიკას და არათანაბარ სამართლებრივ მოპყრობას დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების მიმართ.
12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, საელჩომ აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. „როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნას გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ“, – აცხადებს საელჩო.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა“.
საელჩოს თქმით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ის აგრძელებს დაკავებულთა სასამართლო პროცესების დაკვირვებას და თვლის, რომ „აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის საელჩო „განსაკუთრებით შეშფოთებულებია“ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამაღლობელი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, გერმანიამ ქვეყანასთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა 2024 წლის 4 დეკემბერს შეაჩერა. 2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ ცხრა პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. „მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ადამიანის საყოველთაო უფლება და მისი დაცვა ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა სამინისტრომ.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება
- 19/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიააs
- 31/12/2024 – გერმანიამ საქართველოს ცხრა მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 27/12/2024 – ანალენა ბერბოკი „მიზანმიმართულ სანქციებსა“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს
- 04/12/2024 – გერმანიამ განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა შეაჩერა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)