
საია: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებას დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. საია ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელს „სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“.
27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ, რომელიც ამაღლობელის უფლებებს იცავს, მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საია აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
საია ასევე მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საზოგადოებას უნდა აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს“.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 16 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა. იოსელიანის თქმით, ამაღლობელის დაკავება „გაუმართლებელი“ იყო.
თუმცა, 21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელსაც დღემდე აგრძელებს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გააქტიურდა, რა დროსაც ჟურნალისტები და აქტივისტები სამართლიანობისკენ მოუწოდებენ. 22 იანვარს, „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა შეხვედროდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რათა განეხილათ ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემები.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა
- 19/01/2025 – უფლებადამცველები: ამაღლობელის საქმე დამოუკიდებელი პრესის დევნის მაუწყებელია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)